ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს – არის ნგრევა
რუსმა ოკუპანტებმა, გამთენიისას კუპიანსკი დაბომბეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, “რაშისტებმა” ქალაქზე იერიში FAB-250 ტიპის მართვადი ბომბით მიიტანეს, რის შედეგადაც საკრებულოს შენობა დაზიანდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “მასიური დაბომბვის შედეგად ხანძარი კუპიანსკის საცხოვრებელ სექტორში გაჩნდა”.
გარდა ამისა, სინეგუბოვის თქმით, დაახლოებით შუაღამისას, კუპიანსკის რაიონის სოფელ კონდრაშოვკას დაბომბვის შედეგად, 41 წლის მამაკაცი და 39 წლის ქალი დაშავდა.
9 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ კუპიანსკის მიმართულებით რთული ვითარებაა შექმნილი, სადაც არსებული მონაცემებით, დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი.
”მტრის მიზანია – ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევა და პირდაპირ კუპიანსკისკენ გასვლა”, – თქვა მან.
