ირაკლი ქარსელაძე – დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა
რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას მეშვიდე დღეა აგრძელებს. ამ დროისათვის, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კურორტ შოვთან განვითარებულმა სტიქიამ ორი ხიდი დააზიანა. ერთი დროებითი ხიდის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამჟამად, კი დაიწყო მეორე სარმის ხიდის მონტაჟი.
„სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რამაც სწორედ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო. „გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოვების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი“ – განაცხადა ირკლი ქარსელაძემ.
ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. გაფართოვდა საუშაო არეალიც. „კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება“ – ამბობს ირაკლი ქარსელაძე.