შალვა პაპუაშვილი: სტიქიამდე პერიოდში მდინარე ბუბისწყალში წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო
“გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ ინფორმაციისა, სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივის გავრცელება ხდება, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილი და, რომ არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მოდიოდა, ან იყო წყლის დაკლებული დონე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სათავეში წყალი გუბდებოდა, ამაზე კი არავინ რეაგირებდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო. მიუხედავად ამ მხილებისა და „მთის ამბების“ მიმართ საჯარო მოწოდებისა, რომ უარეყო ეს ინფორმაცია, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციით გამყარდა სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივი, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილი, და არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის. ამ ვერსიას, მაშინაც კი, როდესაც ის უარყოფილ იქნა სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, აქტიურად ავრცელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი“, – აცხადებს პაპუაშვილი.