ბუბა კუდავა კალაძეზე: თავისუფლად შესაძლებელია დაშვება, რომ რაღაც „ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, ოჯახი განარიდა შესაძლო საფრთხეს, მთელ კურორტსა და რეგიონში განგაშის ატეხვას კი უბრალოდ მოერიდა

თავისუფლად შესაძლებელია დაშვება, რომ რაღაც „ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, ოჯახი განარიდა შესაძლო საფრთხეს, მთელ კურორტსა და რეგიონში განგაშის ატეხვას კი უბრალოდ მოერიდა, რადგან განგაში დიდ სკანდალში გადაიზრდებოდა, თუკი პროგნოზი, ეჭვი თუ ინტუიცია გამტყუნდებოდა, – ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რაჭაში, სტიქიამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახის წევრები შოვიდან სამთავრობო ვერტმფრენით გაიყვანა, რადგან თითქოსდა მისთვის ცნობილი იყო, რომ სტიქიური უბედურება მოხდებოდა.

როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, „ამდენ ხალხს როგორ გაწირავდა“ არგუმენტი სრული უაზრობაა, რადგან წინასწარ არავინ იცოდა სტიქიის მასშტაბები და არც არსებობის შემთხვევაში „შეტყობინების“ სანდოობა.

„უმთავრეს პრობლემებზე კონცენტრირება რომ სულ გვიჭირს, ამით სულ კოხტად სარგებლობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ იმა ქვეყნისანი.

ძირითადი საფიქრალებიდან ისე ოსტატურად გადააქვთ ისრები და ისე დოყლაპიებივით გვტოვებენ ხოლმე, რომ ლამის ტაში დავუკრა ფეხზე დგომით.

ახლაც, ამდენი ხალხი დაგვეხოცა, ოჯახები ამოწყდა, ბევრის ცხედარიც არ არის ნაპოვნი და ამ დროს კალაძის „დაცვა“ გახდა თემა. აღშფოთდა ერი!

ხო, ყველა ვამუნათოთ და ვლანძღოთ, ვისაც ეჭვი გაუჩნდა, ვინც კითხვები დასვა, ვინც კრიტიკულია, ვინც არ ენდობა ჩინოვნიკებს. ვყლაპოთ მხოლოდ ოფიციალური აბები და ვიქნებით მშვიდად და ტკბილად, როგორც საბჭოეთში.

გაავლეს უკვე მსგავსი პარალელები და მეც დავამატებ: პარიზის მერს, იტალიის პრემიერს, ნიუ-იორკის მერს, კალიფორნიის გუბერნატორს, ან ნებისმიერ მაღალი ინტერესის პირს ოჯახი რომ გაეყვანა იმ ზონიდან, რომელსაც 2 საათში უბედურება დაატყდა თავს, შესაბამის ქვეყნებში არ გაჩნდებოდა კითხვები? ეჭვები? გამოძიება თუ არა, მოკვლევა მაინც არ დაიწყებოდა? ჟურნალისტური თუ საზოგადოებრივი გამოძიებებით არ აჭრელდებოდა მედია?

ფაქტებისა და მოკვლევის გარეშე ხელაღებით რაიმეს მტკიცება, ასეთისა თუ ისეთის, ცხადია, საბოლოოდ უნაყოფოა. მეორე მხრივ, დიახ, სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ რაღაც დონეზე რაღაც ინფორმაცია არსებულიყო და რამდენიმე თანამდებობის პირს „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ს პრინციპით ემოქმედა.

„ამდენ ხალხს როგორ გაწირავდა“ არგუმენტი სრული უაზრობაა, რადგან წინასწარ არავინ, და ცხადია არც კალაძემ, არ იცოდა სტიქიის მასშტაბები და არც „შეტყობინების“, თუკი ასეთი არსებობდა, სანდოობა. თავისუფლად შესაძლებელია დაშვება, რომ რაღაც „ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, ოჯახი განარიდა შესაძლო საფრთხეს, მთელ კურორტსა და რეგიონში განგაშის ატეხვას კი უბრალოდ მოერიდა, რადგან განგაში დიდ სკანდალში გადაიზრდებოდა, თუკი  პროგნოზი, ეჭვი თუ ინტუიცია გამტყუნდებოდა.

ზოგადად, ეს „არ გაწირავდა“ უსარგებლო ფრაზაა. ვიღაცამ საკუთარი ხელით ჩაახრჩო ქვევრში 10 თვის ბავშვი და დღემდე დაუსჯელად დაიარება ჩვენ შორის. ვინ უწყის, დამგეგმავები, ეგება და, მორალსაც გვიკითხავდნენ ტელეეკრანებიდან.

დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ვერც გავიგებთ (ახლა მაინც), რადგან გამოძიება არ დაიწყება და მხოლოდ ემოციების, ინტუიციებისა და პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების ამარა დავრჩებით. მაგრამ იმის დრო მაინც დადგა, კრიტიკული კითხვების დასმასაც მივეჩვიოთ და მორალისტობასაც თავი გავანებოთ. გავიზარდეთ უკვე და თითის ქნევები კონტრპროდუქტიულია, გემახსოვრებათ ბავშვობის გამოცდილებიდან.

და მსჯელობა ამ დონეს ვერასოდეს გასცდება, თუ არ გვექნება მტკიცე და მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანოები, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი და თავისუფალი მედია.

და თუ არ გვექნება ნამდვილი საზოგადოება და მასზე დამოკიდებული ხელისუფლება“, – წერს ბუბა კუდავა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები