ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა
ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა კონტაქტზე გამოვიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ. იყო დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და 112-შიც, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ამასთან, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.