დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ სტიქიაზე რეაგირება პირველივე დღეს – რას ჰყვებიან მოხალისეები რაჭიდან

რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი მითქმა მოთქმა ისმის. სტიქიის შემდეგ, რომელმაც ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბუნებრივად გაჩნდა ბევრი კითხვა.

საზოგადოებას აინტერესებს პასუხი კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლი ნაკლები ყოფილიყო და სტიქიის პირველივე დღეს ხელისუფლებამ გააკეთა თუ არა მაქსიმუმი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებისთვის. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებული იყო თუ არა რეაგირება მომხდარზე.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრების მხრიდან განმარტებები მოვისმინეთ, “კვირამ” გადაწყვიტა აქტუალური კითხვები, თუ როგორ მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები და დროული იყო თუ არა ის ნაბიჯები, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გადაიდგა, იმ ადამიანებისთვის დაესვა, ვინც სტიქიის ზონაში პირველივე წუთებიდან დღემდე იმყოფება და უშუალოდ მათგან მოესმინა თუ რა ხდებოდა რეალურად შოვში.

თორნიკე ბიჭაშვილი ადგილობრივია, ის თავის მეგობრებთან ერთად სტიქიის ზონაში მაშინვე მივიდა, როგორც კი ფაქტის შესახებ მიიღო ინფორმაცია. თორნიკე “კვირას” უყვება, რომ ადგილზე მისულს უკვე დახვდა მაშველები, რომლებიც სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
როგორც თორნიკე იხსენებს, დაბნელების შემდეგ სამძებრო სამუშაოები არ შეუჩერებია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალას და სპეცტექნიკას.  ბიჭაშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები აღჭურვილი იყვნენ სითბური და ღამის ხედვის დრონებით.

“როგორც კი გავიგეთ, რომ ეს ამბავი მოხდა მაშინვე წავედით ადგილზე და ფაქტობრივად, პირველივე წუთებიდან იქ ვარ. სამაშველო სამუშაოები ეგრევე დაიწყო, როგორც კი ტექნიკა გადაიტანეს. ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩართული, ტექნიკა ცოცხალი ძალა. მთელი სოფელი იყო გაჭედილი ამათი მანქანებით და ტექნიკით ისეთი მოძრაობა იყო. ჩვენი სოფლიდანაც იყვნენ მოხალისეები.
შემდეგ უკვე როცა დაღამდა, აქ მოიტანეს სპეციალური განათებები და სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ერთი წუთი არ გაჩერებულა. მაშველებიც, ვინც ხალხის ევაკუაცია მოახდინა, ეგრევე დაბრუნდნენ და სასტუმრო “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იყვნენ დაბანაკებული ძალიან ბევრნი იყვნენ, დიდი რაოდენობა მაშველების. ჯგუფებად იყვნენ დაყოფილები და ყოველ 5 წუთში პატრულირება მიდიოდა მთელ ტერიტორიაზე.
მძიმე ტექნიკა იყო კიდევ, რომელიც სტიქიის დაწყებიდან არ გაჩერებულა, როგორც კი სამაშველომ ხალხი გამოიყვანა იმის მერე. მე რაც ვნახე 30-მდე ტრაქტორი იყო და ეტაპობრივად კიდევ ემატებოდა. დრონებიც იყო კიდევ. სამაშველო სამსახურის სპეციალური დრონები დაფრინავდა მთელი ღამის განმავლობაში, დილით როგორც კი გათენდა ვერტმფრენებმა განაახლეს მუშაობა”,- იხსენებს თორნიკე ბიჭაშვილი

ნუგზარ ბიჭაშვილიც ადგილობრივია. “კვირასთან” საუბარში 3 აგვისტოს იხსენებს, იმ დროს როდესაც სტიქია კურორტს მოულოდნელად დაატყდა თავს.
“იქვე ვცხოვრობ ხეობაში, იმ დღეს ძალიან კარგი, მზიანი ამინდი იყო, უცებ გავიგე საშინელი ხმაური, მომენტალურად  წამოვიდა დიდი გრუხუნით, თითქოს ინგრეოდა ქვეყანა.
მაშველები მალევე მოვიდნენ, მაგრამ იქ იმ წუთას ისეთი ამბავი იყო, მაშველი კი არა მამაღმერთი ვერ გიშველიდა. ვიღაცები ლაპარაკობენ მაშველები გაჩერდნენ ღამეო. ერთი წუთი არ გაჩერებულან, იმდენი ტექნიკა მოიტანეს, მთელი ღამე ტრაქტორებით, ცოცხალი ძალით, სულ მუშაობდნენ, დრონები დაფრინავდა. ვისაც არ უნახავს იქ რა ხდებოდა, იმისთვის ადვილია ლაპარაკი”,- ამბობს ბიჭაშვილი.

იკა კორკოტაძე სტიქიის ზონაში 4 აგვისტოს, გამთენიისას თბილისიდან  ჩავიდა, რადგან გაიგო, რომ დაკარგულებს შორის მისი კლასელიც იყო. “კვირასთან” ამბობს, რომ სანამ ადგილზე ჩავიდოდა, სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

“ჩემი მეგობარი არის დაკარგული. მთელი ღამის განმავლობაში მაშველები და ადგილობრივები ეძებდნენ დაკარგულებს. სადაც კი ადამიანს შეეძლო ფეხის დადგმა ყველგან ეძებდნენ.  ყველანაირ შესაძლებლობას იყენებდნენ ადამიანების მოსაძებნად. პირველი ორი დღე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად აქტიური ძებნა მიმდინარეობდა“,- აღნიშნავს ის.

აღსანიშნავია, რომ შოვის სტიქიის სიმბოლოდ ქცეული ბიჭი ზურგზე ბავშვით, დავით ჯელაძე ერთ-ერთი მედიასაშაულებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰყვებოდა, მაშინ როდესაც საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენას ცდილობდა, თავდაპირველად, ჯერ ვერტმფრენმა გადაუფრინათ, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ სწორედ სამაშველო სამსახურის დრონმა დააფიქსირა და ამის შემდეგ შეძლეს მათი სამშვიდობოს გამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები