“ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების ფაქტორად იქცა” – ე.წ. საგარეო უწყება

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ “ტრაგიკული მოვლენები სამხრეთ ოსეთის ხალხის თანამედროვე ისტორიაში გარდამტეხი იყო, რომელიც ქვეყნის ცხოვრებას “ომამდე” და “ომის შემდგომ” პერიოდად ყოფს”.

 

ამის შესახებ ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

 

აღნიშნულია, რომ „2008 წლის 8 აგვისტოს ღამით, საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების შემდეგ, „კოლექტიური დასავლეთის“ აქტიური მხარდაჭერით, ქართული ჯარები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შეთანხმების დარღვევით, თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს, ასევე ოსი და რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგების ადგილს, “საქართველოს მეგობრების” მიერ მიწოდებული საარტილერიო იარაღის მთელი ნომენკლატურის გამოყენებით. ოსების განადგურების ბარბაროსული ოპერაცია სახელწოდებით „სუფთა ველი“ გახდა 1920 წლის გენოციდის გაგრძელება, როდესაც ე.წ. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ დანაშაულებრივმა რეჟიმმა ცეცხლითა და მახვილით გადაუარა სამხრეთ ოსეთს, მისი ტერიტორია რუკსკის ხეობამდე მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლით დატბორა”.

 

მათი თქმით, აგვისტოს ომს უამრავი მსხვერპლი მოჰყვა ოს და რუს სამხედრო მოსამსახურეებს შორის, მშვიდობისმყოფელებს, სამოქალაქო პირებს შორის, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სოციალური და სამედიცინო დაწესებულებები.

 

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა საკუთარი ქმედებების დაუსჯელობაში იყო დარწმუნებული, რასაც ძლიერად შეუწყო ხელი ვაშინგტონის პოლიტიკამ ამიერკავკასიაში და რიგი ქვეყნების მიერ  საქართველოს პოლიტიკური ამბიციების სრული მხარდაჭერა, ხოლო ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც ბუქარესტის სამიტზე 2008 წლის აპრილში გაჟღერდა, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების ფაქტორად იქცა”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ე.წ. უწყება ამბობს, რომ ამ ვითარებაში, უთანასწორო ბრძოლაში დასახმარებლად “მოძმე რუსეთი მოვიდა” და ე.წ. რესპუბლიკაში “მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყო”, ხოლო “ამ ქმედების ლოგიკური გაგრძელება გახდა 2008 წლის 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილება”.

 

“მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავების ამჟამინდელ პირობებში; ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა; შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე; ნატოში გაწევრიანების ირგვლივ თემის პერმანენტული ტირაჟირება – საფრთხეს უქმნის რეგიონში უსაფრთხოებას, ეწინააღმდეგება 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებების დებულებებს და ძირს უთხრის მრავალმხრივ ძალისხმევას სიტუაციის სტაბილიზაციისთვის”,- ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები