ნინო ჩხობაძე: არ მაქვს უფლება შოვში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ეჭვი შემეპაროს
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე შოვში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნას აფასებს.
მისი თქმით, დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.
“მე არ მაქვს უფლება ეჭვი შემეპაროს ამ დასკვნასთან დაკავშირებით. პირიქით, ვამბობ, რომ ეს საკმარისი არ არის. აშკარაა, რომ ამას სჭირდება უფრო სერიოზული კვლევები, იმიტომ რომ კიდევ რაღაც პროცესები გვაინტერესებს. ახლა დადგა დრო, როცა სპეციალისტებმა სპეციალისტებს უნდა ჰკითხონ – აი ახლა რა? როცა დღე-ღამური ნალექის რაოდენობა, რომელიც ჩამოედინება ასეთ ზონებში არ აღემატება 30 მილიმეტრს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ წყნარად – არაფერი მოხდება. თუ 30-ს ავცდებით უკვე შესაძლებელია წარმოიქმნას ღვარცოფული ნაკადები და თუ 80-100 არის, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება ღვარცოფი. ანუ, ჩვენ რომ გვცოდნოდა ზემოთ, მთაში რამდენი მილიმეტრი იყო მოსული დღე-ღამური ნალექი, მაგ შემთხვევაში გავაფრთხილებდით ნახევარი საათით ადრე. შეიძლება. წინასწარ ვერ ამბობ როდის რა დაიწყება. ვერავინ წარმოიდგენდა რომ რამდენიმე პროცესი ერთდროულად დაიწყებოდა და ეს წარმოქმნიდა ამ ნაკადს.
პროგნოზი იმისა, რომ ეს ღვარცოფული მდინარეა, პროგნოზი იმისა, რომ აქ შეიძლება ჩამოვიდეს მეწყერი, გაკეთებულია. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამის პრევენციაა, რომ იქ არ უნდა დავუშვათ მშენებლობა. რაღაც გამოსავალი ეს არის. პრევენციული ღონისძიება პირველ რიგში არის ეს. როცა ეუბნებიან ადამიანს, რომ არ შეიძლება აქ რაღაცის აშენება და ბრაზდება, რატომ არ მაძლევენ ნებართვასო, უნდა დაწყნარდეს და თქვას: „გასაგებია, არ შეიძლება, ესე იგი არ შეიძლება“. კლიმატის ცვლილების ფონზე გახშირდება ასეთი მოვლენები. ამიტომ ახლა სასწრაფოდ არის ასაწყობი სისტემა ყველა საკურორტო ტერიტორიაზე, ყველა შენაკადზე. კურორტზე სადაც შემოდის მდინარე ყველგან უნდა დავაყენოთ სენსორები, იმიტომ რომ ყველა ჩვენი მდინარე არის ღვარცოფული“, – აცხადებს ჩხობაძე.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების წინასწარი შეფასება უკვე გამოაქვეყნა.