ზურაბ ჯანელიძე: შოვში განვითარდა გლაციოღვარცოფი, ეს არ მომხდარა მდინარის შეგუბებით, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მეწყრული პროცესები განვითარდებოდა
გეომორფოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ჯანელიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, შოვში განვითარებული სტიქიის შესახებ პირველად დასკვნას აფასებს.
როგორც ჯანელიძე “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, პირველად დასკვნაში მოცემულ ინფორმაციას ეთანხმება.
“გავეცანი გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნას და არის პუნქტები რაშიც ვეთანხმები. ერთი პრობლემაა აქ. ბევრი საუბრობს ვარაუდებით, თუ რატომ განვითარდა გლაციოღვარცოფი, ისეთი ადამიანები, ვინც არ ყოფილან იქ სადაც ბუდე იყო. მეც ვამბობ, რომ ეს იყო გლაციოღვარცოფი, ეს არ მომხდარა შეგუბებით, იმიტომ რომ მომხდარიყო, მაშინ უნდა განვითარებულიყო მეწყრული პროცესები. მეწყრული პროცესების დაკვირვება არის შესაძლებელი, კვალი იქნებოდა შეგუბების, შეიძლება ყოფილიყო ქვათაცვენა, ან ტიპიური მეწყერი ან შლამი, ერთი სიტყვით, მეწყრული პროცესი რომელიც შეაგუბებდა მდინარეს. თუმცა როგორც აღვნიშნე, ეს პროცესები ადვილად დაკვირვებადია, მაგალითად ადგილზე რომ მიხვიდეთ, თუ კი მდინარე დააგუბა ეს ადვილად შესამჩნევი იქნებოდა.
როგორც სააგენტო, წერს, ძლიერი კლდის მასივი მოწყდა უშუალოდ ბუბას მყინვარის ზედაპირზე და ამან მოახდინა პროვოცირება, ეს შესაძლებელია და მართალია”,- აცხადებს ჯანელიძე.
გეომორფოლოგი დასძენს, რომ ვიდრე შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დეტალური კვლევები არ ჩატარდება, ვარაუდით საუბრები და შეფასებები ამ საკითხზე არასერიოზულია.
“ყველა საუბრობს წინასწარი ვარაუდებით, რაც ჩემი აზრით, არასწორია. ამ საკითხს სჭირდება ადგილზე დეტალური კვლევა, მე თვითონაც ახლა ვარაუდებით ვსაუბრობ. ვიდრე არ მოხდება დეტალური კვლევა მყინვარიდან შოვამდე და ანალიზი, ვარაუდებით საუბარი არასერიოზულია”,- აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
ინფორმაციისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პირველადი შეფასების თანახმად, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.