ირაკლი ბერაია: კეთდება ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც 

“კიდევ ერთხელ მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის არა მარტო მათი, არამედ ჩვენი უბედურებაც და ტრაგედიაც. ჩვენ მათთან ერთად ვიზიარებთ, განვიცდით და ვატარებთ ამ უდიდეს ტკივილს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში კეთდება ყველაფერი – შესაძლებელიც და შეუძლებელიც.

„გვქონდა შესაძლებლობა ადგილზე გვენახა და არის ძალიან მძიმე სურათი. ძალიან დიდია დაზიანების არეალი, მასშტაბი. მინდა გითხრათ, რომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთიანი სისტემის ყველა სუბიექტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უწყება, სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა მუშაობს სრულ კოორდინაციაში, სინქრონიზებულად, იმისთვის, რომ მოხდეს ამ ურთულეს პირობებში დაკარგული ადამიანების პოვნა. მუშაობს ათეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ათასამდე პირადი შემადგენლობა არის სხვადასხვა ადგილზე და ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები, რათა არსებულ პირობებში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს დაკარგული ადამიანების პოვნა. კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ამ სტიქიის შედეგები იყოს აღმოფხვრილი. უმთავრესი პრიორიტეტი დაკარგული ადამიანების პოვნაა. კეთდება ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების მოძიება და რა თქმა უნდა, იყოს ეფექტური რეაგირება. დაკარგულთა მოძიებისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მაშველი, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელი, 250-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასევე რეინჯერები არიან ჩართული. სულ – 1000-მდე პირი”,- განაცხადა ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები