La Niña – ლა-ნინია, მოვლენა, რომელიც, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განახლებული ბიულეტენის თანახმად, გავლენას მოახდენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვალვის გაძლიერებაზე, მეწყრულ პროცესებზე, წყალდიდობებსა და ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე.
ლა-ნინია, აზრობრივად, ელ-ნინიოს საწინააღმდეგოა – ორივე მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული ატმოსფერული წნევის ცვლილებებსა და მსხვილმასშტაბიანი ცირკულაციის რეჟიმებთან და მიიჩნევა ურთიერთკავშირის საპირისპირო ფაზებად.

ორივე ფენომენი არღვევს ტროპიკული ნალექების და ატმოსფერული ცირკულაციის ნორმალურ რეჟიმს და ფართომასშტაბიან გავლენას ახდენენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის კლიმატზე, რასაც თან სდევს კლიმატთან დაკავშირებული შესაბამისი რისკები.
დადგენილია, რომ ელ-ნინიო და ლა-ნინია 2-დან 7 წლამდე ერთხელ ხდება და, ჩვეულებრივ, 9-იდან 12 თვემდე გრძელდება.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის თანახმად, დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე კლიმატურ პროცესებზე La Niña-ს ეფექტი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სულ მცირე, აგვისტოს ბოლომდე და შესაძლოა, შემოდგომამდე ან ზამთრამდეც შენარჩუნდეს.
მეცნიერების თქმით, ლა – ნინია ასოცირდება ოკეანის ზედაპირის ფართომასშტაბიან გაციებასთან ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში, ტროპიკული ატმოსფერული ცირკულაციის ცვლილებებთან ერთად, კერძოდ, ქართან, წნევასა და ნალექთან. როგორც წესი, მას აქვს საპირისპირო ეფექტი ამინდსა და კლიმატზე ელ – ნინიოს მიმართ, რომელიც წარმოადგენს კლიმატის ცხელ ფაზას.
2023 წელს ლა-ნინიას, ისევე – როგორც ელ-ნინიას ეფექტი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში საკმარისად იგრძნობა. წლევანდელი ზაფხული რამდენიმე კონტინენტზე ანომალიურად ცხელი აღმოჩნდა და წინა წლების ანტირეკორდებიც მოხსნა.

ჰაერის მაღალ ტემპერატურას, როგორც მეცნიერების მიერ იყო ნავარაუდები, ტყის ხანძრების სერია მოჰყვა – ანუ, სახეზეა ელ-ნინიას ეფექტი.
ამავდროულად, 2023 წლის დასაწყისიდან გახშირებულია ლა-ნინიას გავლენა – წყალდიდობები, მეწყრული პროცესები, ძლიერი ქარი.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ აფრიკისთვის ძლიერი წვიმები მარტიდან მაისის პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, წელს უხვი ნალექი იანვრიდან- მარტის პერიოდშიც ფიქსირდება.
რუანდაში წელს, ნალექის ინტენსივობა უკვე იანვარ-აპრილშიც იყო გახშირებული. ფიქსირდება ძლიერი წვიმების რამდენიმე რაუნდი, რასაც ამ პერიოდში, სულ მცირე, 60 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განადგურდა 1205-ზე მეტი სახლი და დაზიანდა 5000 ჰექტარი მიწა. რუანდის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ უჩვეულო ნალექი კლიმატის ცვლილებას დაუკავშირა. 2 მაისს სააგენტომ გამოაცხადა, მომდევნო 10 დღის განმავლობაში მოსალოდნელი საშუალოზე მაღალი ნალექი.
სტიქიური უბედურება ფიქსირდება მარტიდან უგანდაშიც, სადაც ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რომელმაც გაანადგურა სახლები და აიძულა ასობით ადამიანი, დაეტოვებინა სახლები.
ანგოლაში აპრილში წყალდიდობას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა 2900 სახლი.
3 აპრილს კონგოში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მეწყერმა 30 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე დაიკარგა. 8 მაისს ჩრდილოეთ კივუში კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 5 მაისს სამხრეთ კივუს სოფლებში – ბუშუშუში და ნიამუკუბში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 411 ადამიანი დაიღუპა და 5 525 ადამიანი დაიკარგა.
მარტში წყალდიდობამ დააზარალა ეთიოპიის ნაწილი, დაიღუპა 29 და დაზარალდა 240 000 ადამიანი.

მარტის ბოლოს წყალდიდობამ დააზარალა კენიის რამდენიმე რეგიონი, დაიღუპა 12 ადამიანი, დაშავდა ხუთი და 812 ოჯახმა საკუთარი სახლები დატოვა. აპრილში კენიის დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა და, დაახლოებით, 36 400 ადამიანი დაზარალდა წყალდიდობის შედეგად.
ამავე პერიოდში ცირკულირებდა ციკლონი ჩენესო, რომელმაც მადაგასკარში 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 20 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ბევრი სახლი დაზიანდა. ასევე, ციკლონ ფრედის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და სამი დაიკარგა, 6706 სახლი დაინგრა.
ციკლონი ფრედი მარტში მალავისაც დაატყდა, რამაც გამოიწვია წყალდიდობა და 1216 ადამიანის დაღუპვა, 537 დაკარგულია; 1724 ადამიანი დაშავდა და დაზარალდა 500 000-ზე მეტი მოქალაქე.
მოზამბიკში წყალდიდობამ, სულ მცირე, 198 ადამიანი შეიწირა, 201 დაშავდა, განადგურდა, სულ მცირე 131 300 სახლი.
დამანგრეველი აღმოჩნდა მარტის თვე სამალისთვისაც, სადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა წყალდიდობის შედეგად, დაინგრა 6706 სახლი.
ნგრევა და გარდაცვალება ფიქსირდება ასევე, ტანზანიაში, უგანდაში, ზიმბაბვეში.
აფრიკის გარდა ლა-ნინიას ეფექტი იგრძნობოდა ევროპის კონტინენტზეც.

კერძოდ, მაისში ძლიერი წვიმები დაატყდა იტალიის რამდენიმე ქალაქს -ბოლონიას, ჩეზენას, ფორლის, რანევას და რიმინის და მათ შემოგარენში ემილია-რომანიას რეგიონში.
2-დან 3 მაისამდე მოვარდნილ წყალს, სულ მცირე, ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; სტიქიური უბედურების ე.წ. მეორე სერია 16 მაისს დაიწყო და 18 მაისამდე გაგრძელდა.
ამ პერიოდში, სულ მცირე, 18 ადამიანია დაღუპული, 50 ათასმა საკუთარი სახლები დატოვა.
ორ კვირაში რეგიონს ნალექის შვიდთვიანი ნორმა დაატყდა, რამაც 23 მდინარის ადიდება გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში საშუალო წლიური ნალექის, თითქმის ნახევარი, მხოლოდ 36 საათში მოვიდა. გარდა ამისა, მოხდა, სულ მცირე, 300 მეწყერი, წყალდიდობა 43 ქალაქს შეეხო.