ზესტაფონის თეატრში სპექტაკლ „სულიკოს“ პრემიერა გაიმართა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვარინკა წერეთლის ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის, „სულიკოს“, პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფოს რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ვარინკა მაჭავარიან-წერეთლის „სულიკო“ უკვე ერთი საუკუნეა, ქართველებისთვის ეროვნული იდენტობის ჰიმნია, მელოდია, რომელიც ყველას სიმღერად იქცა. ამიტომაც ეგონათ ის წლების მანძილზე ხალხური. ვარინკა, იგივე ბარბარე მაჭავარიანი, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია და მუსიკალური განათლება ფილიმონ ქორიძის მეუღლესთან, ზინაიდა ვორობეცთან მიიღო.
ვარინკა წერეთელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ზესტაფონში ბიბლიოთეკის გახსნის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეატრის აღდგენის ინიციატორიც იყო, მაგრამ, მიუხედავად ბევრი სხვა ღვაწლისა, მის სახელს, უპირველესად, ბაფთიანი გიტარა და ყველაზე პოპულარული ქართული სიმღერის – „სულიკოს“ მელოდია უკავშირდება, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ამღერებული.
ვარინკა წერეთლის ბიოგრაფიის სცენაზე გაცოცხლების იდეა ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ ჯუღელს, ეკუთვნის. პიესა, რომლის ავტორია ნინია სადღობელაშვილი, „სულიკოს“ მელოდიის ავტორის ბიოგრაფიულ მასალაზეა აგებული და ამ არაჩვეულებრივი ქალის ცხოვრებიდან ბევრისთვის უცნობ ამბებს მოგვითხრობს; გარდა ამისა, გვაწვდის ინფორმაციას იმ ეპოქის იმერეთის შესახებ.
პიესისთვის ისტორიულ-დოკუმენტური მასალა ისტორიკოსმა ნოდარ თურმანიძემ მოიპოვა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი სიხარულიძე. ერთობლივ პროექტში ზესტაფონისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები