სი ძინპინმა ბირთვული ძალების ხელმძღვანელობა შეცვალა
ჩინეთში ბირთვული ძალების ორი ხელმძღვანელი შეცვალეს.
სი ძინპინმა სარაკეტო ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ლი იუჩაო და მისი მოადგილე, ლიუ გუანბინი შეცვალა.
მათ თანამდებობაზე დანიშნულები არიან: ვანგ ჰუბინგი, რომელიც მანამდე იკავებდა საზღვაო ძალების უფროსის მოადგილის პოსტს და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, სიუ სიშენი.
BBC წერს, რომ ზაფხულის დასაწყისში, ასევე აუხსნელად, მხედველობიდან გაქრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განი. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოცხადდა, რომ მის ადგილზე მისი წინამორბედი, ვანგ ი დაინიშნა. ცინ განის გადადგომის მიზეზები არ განუმარტავთ.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არმიის რიგებში დაწყებულია „წმენდა“.
„ამ წმენდას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში ბირთვული სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ცვლილებას ახორციელებს. სი ძინპინმა უპრეცედენტოდ გააძლიერა კონტროლი ბირთვულ ძალებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია. სის კვლავ აწუხებს კორუფცია პარტიულ რიგებში და მან ნათლად აჩვენა, რომ პარტიისადმი აბსოლუტური ლოიალობა ჯერ არ არის მიღწეული”, – განაცხადა ნიუ-იორკში მდებარე აზიის საზოგადოების პოლიტიკის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მეცნიერი თანამშრომელმა, ლაილ მორისმა.