კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს
კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჟასმინ ალ თანმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ვიზიტის დროს ალ თანი თავის უკრაინელ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა, რომელმაც კატარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ კიევს ეწვიეთ იმ დღეებში, როცა რუსეთი ნეოკოლონისტურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს, მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა თქვენი ქვეყნის სოლიდარობისა და მხარდაჭერისა უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა შმიგალმა.
უკრაინის მთავრობის განცხადებით, კატარის მიერ შემოწირული თანხა უკრაინის აღდგენას მოხმარდება, კერძოდ, ჯანმრთელობის, განათლების, ჰუმანიტარული განაღმვისა და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ, თუ ჰუმანიტარულ პროექტებს.
ლიდერებმა შეხვედრაზე გაეროს შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების საკითხიც განიხილეს, რა დროსაც შმიგალმა რუსეთი შეთანხმებიდან გასვლის გამო გააკრიტიკა.
„მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რუსეთის მიერ გენოციდი მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო საზოგადოებისგან“, – განაცხადა მან.