რა წესები უნდა დაიცვათ ტყეში ხანძრის რისკების თავიდან ასარიდებლად – „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის განმარტება
„ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ტყის ხანძრის 20-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრებულია.
“ხანძრის გამომწვევი მიზეზებიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მანკიერი პრაქტიკა სასოფლო – სამეურნეო სავარგულების გადაწვა გახლავთ, როცა მოსავლის აღების შემდეგ გლეხები ნარჩენებს პირდაპირ ცეცხლს უკიდებდნენ, ან საკარმიდამო ნაკვეთების დასუფთავებისას ნარჩენებს ტერიტორიიდან გატანის ნაცვლად, წვავდნენ. წელს, საბედნიეროდ, მსგავსი საქმიანობა აიკრძალა, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციებიც გამკაცრდა. აქ პროცესი ორად იყოფა: გახლავთ ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც 200-დან 500 ლარამდეა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება შესაბამისი მეთოდოლოგიით ხდება, თუ ეს თანხა 1 000 ლარს აღემატება, ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 4-დან 8 – წლამდეა გათვალისწინებული.
უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი გარემოება: ჩვენ ვსაუბრობდით ხოლმე, რომ ჩვენთვის ხანძარსაშიში პერიოდი გაზაფხულის ბოლოს, მაისიდან იწყებოდა და შემოდგომის დასაწყისამდე გრძელდებოდა. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილების ნიშნები ჩვენს ქვეყანაშიც თვალსაჩინოა და, შეიძლება ითქვას, რომ ხანძარსაშიში პერიოდი ახლა უკვე მთელი წლის განმავლობაშია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წვიმიანი გაზაფხული გვქონდა და ივნისამდე შედარებით გრილი ამინდები იყო, უკვე 20-მდე შემთხვევა გვქონდა, თუმცა ეს, საბედნიეროდ, პატარ-პატარა შემთხვევები იყო, როცა ხე-მცენარეები ზიანს არ იღებენ და ხანძრებით ტყეების კარგვა არ მომხდარა. ზოგადად, ყოველ წელს დაახლოებით 80-100 შემთხვევაზე მეტიც გვქონია, ხანძრით მოცული ფართობი 1500 ჰექტარი და მეტიც ყოფილა. საქართველოში ისეთი მასშტაბური ხანძრის, რომელსაც ტყის კარგვა, ხე-მცენრეების სრული განადგურება მოჰყვა, ბოლო 10 წელიწადში მხოლოდ 8 იყო. ყველაზე ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში იყო, ჯერ 2008 და შემდეგ 2017 წლებში. პატარა ხანძრების მართვის ნაწილში შეიძლება, ითქვას, რომ როგორც “ეროვნული სატყეო სააგენტოს” თანამშრომლები, ისე “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური” უმკლავდებიან ისე, რომ ეს დიდ მასშტაბში არ გადაიზარდოს. იმედია, წლის ბოლომდე ასეთი სიტუაცია იქნება.
რეგიონები და ტყეები ხანძრის რისკების მიხედვით გვაქვს დაყოფილი. ეს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას ეფუძნება. ერთია ბუნებრივი პირობები. ვიცით, რომ ახალგაზრდა წიწვოვან ტყეში სამხრეთ ექსპოზიციის ფართობებზე ბუნებრივადაც შეიძლება, ხანძარი მარტივად წაემოიშვას. შემდეგ რეკრეაციული დატვირთვის მიხედვით: თუ სადაა უფრო მეტი ადამიანის კონცენტრირება, ყველაზე ცხელი რეგიონებად რჩება სამცხე -ჯავახეთი, შიდა ქართლი და კახეთი. განსაკუთრებით ზოგიერთი მუნიციპალიტეტი: ბორჯომი, კახეთის მხარეში ხანძრები ხშირია ხოლმე ახმეტასა და ყვარელში. დასავლეთ მხარის რეგიონებში არ ყოფილა მასშტაბური ხანძარი”, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მანვე ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესები განმარტა.
“ყველამხრივ ცხელი პერიოდი გახლავთ, რადგან ტემპერატურის მატებასთან ერთად ზაფხული ის დროა, როცა აქტიური დასვენების პერიოდია. ყველას უნდა, დრო სიგრილეში, ტყეში, ბუნებრივ გარემოში გაატაროს. ამავდროულად, იმ ელემენტარულ წესებს ვივიწყებთ ხოლმე რომლითაც შესაძლოა, ის შედეგები იყოს თავიდან აცილებული, რაც ტყეს შეიძლება, ხანძრისგან მიადგეს. ტყეში ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობა გახლავთ. სამწუხაროდ, შემთხვევების 98 %-ზე მეტი ჩვენს გაუცნობიერებელ, ან შეგნებულ ქმედებებს მოჰყვება ხოლმე. ამას ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილება ემატება, რაც თვალშისაცემია, გახანგრძლივებულია როგორც გვალვის, ისე – მაღალი ტემპერატურის პერიოდები. ის წესები, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკმაოდ მარტივია, რაიმე სახის სპეციფიკური ცოდნა არ სჭირდება: კოცონი ხეების ვარჯის ქვეშ არ უნდა დავანთოთ, განსაკუთრებით – წიწვოვან ტყეში. ეს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. საბედნიეროდ, დღეს უკვე არის კოცონისთვის მოწყობილი ადგილები, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლის ანთება დასაშვებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ ტყეში ხანძრის წარმოშობის მიზეზი ან არასწორად დანთებული კოცონი, ან მისი ჩაუქრობლად დატოვებაა. რასაკვირველია, ყურადღება უნდა მივაქციოთ და კოცონი სწორად დავანთოთ ჩემ მიერ ნახსენებ ტერიტორიებზე, ან ტერიტორია მოვამზადოთ, თუ ტყეში ასეთი ფართობი არ შეგვხვდა. ტერიტორია ჩამოყრილი წიწვისგან, ხმელი ბალახისგან 1 მეტრისა და 50 სანტიმეტრის რადიუსში მაინც უნდა გავწმინდოთ. თუ ქვების შემოწყობითაც დავაზღვევთ, რომ ნაკვერჩხალი შორს არ გადავარდეს, კიდევ უფრო კარგია. სანამ ტერიტორიას დავტოვებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ კოცონი ჩაქრა, არა მხოლოდ წყლით, მიწის მიყრითაც შეგვიძლია, გადავაკონტროლოთ. ამის გარდა, ძალიან ხშირია მნიშვნელოვანი გამოწვევა- ტყეში ნარჩენების დატოვება, რომელმაც მაღალი ტემპერატურის პირობებში თვითაალება შეიძლება, გამოიწვიოს, განსაკუთრებით პლასტმასი, შუშის ბოთლები, ხელსახოცები. აღარაფერს ვამბობ სიგარეტის ნამწვის უდიერად გადაგდებაზე”, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
თამუნა შეყილაძე