უკრაინა-ნატოს საბჭო მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს
უკრაინა-ნატოს საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, ალიანსმა განცხადება საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გაავრცელა, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მოიწვია.
„მოკავშირეებმა და უკრაინამ მკაცრად დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ და მისი მიზანმიმართული მცდელობები შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი, რომელზეც მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული. მათ ასევე დაგმეს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები ოდესაზე, მიკოლაივზე და სხვა საპორტო ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვის თვითმფრინავის თავდასხმა უკრაინის მარცვლეულის შესანახ ობიექტზე დუნაის საპორტო ქალაქ რენიში, რუმინეთის საზღვართან ძალიან ახლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ალიანსის წევრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთისთვის ახალი გამაფრთხილებელი ზონა შავ ზღვაში ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ქმნის არასწორი გაანგარიშებისა და ესკალაციის ახალ რისკებს, ასევე სერიოზულ დაბრკოლებებს საზღვაო გადაადგილების თავისუფლებისთვის.
ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ გაძლიერებულ მეთვალყურეობას და დაზვერვას შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების და დრონების დახმარებით.