უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბახმუტის სექტორის სამ დასახლებულ პუნქტთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინის თავდაცვის ძალები კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით რუსეთის შეტევას უმკლავდებიან და აგრძელებენ წარმატებულ შეტევით მოქმედებებს ბახმუტის მიმართულებით და აღმოსავლეთ უკრაინაში.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა Telegram-ზე გააკეთა.

„უკრაინის თავდაცვის ძალები უმკლავდებიან რუსული ჯარების შემოტევას კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. იქ მტერი ეძებს სუსტ ადგილებს ჩვენს თავდაცვაში, ახორციელებს საარტილერიო დარტყმებს, უტევს ქვეითი ჯგუფებით და იყენებს სპეცოპერაციების ნაწილებს. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ ჩვენი დაცვის ძალების გასარღვევად, მაგრამ ამაოდ. ზემოაღნიშნული მიმართულებით ჩვენი დამცველები მტრის შესაჩერებლად ყველა ზომას იღებენ“, – განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის თავდაცვის ძალები, სამხრეთ ფლანგზე წარმატებულ შეტევით მოქმედებებს აგრძელებენ.

როგორც მალიარმა აღნიშნა, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ისეთ დასახლებებთან, როგორიცაა კლიშჩიივკა, კურდიუმივკა და ანდრიივკა.

„მტერი ოკუპირებული მიწის თითოეულ მეტრს იკავებს, ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, იყენებს რეზერვებს, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის“, – განაცხადა მალიარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები