ელისე პატარიძე (1896 – 1975) – პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი, ჟურნალისტი და გამომცემელი.
1921 წელს საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ემიგრაციაში არ წასულა. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922-24 წლებში თანამშრომლობდა ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზატორ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან. 1923-1924 წლების მიჯნაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების ორგანიზაციას შეუერთდა.
1953 წლიდან, იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. ასევე, გარკვეული დროის განმავლობაში, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირსაც ხელმძღვანელობდა.
ამასწინათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ელისე პატარიძის პირადი არქივის კიდევ ერთი ნაწილი გადმოეცა. დოკუმენტები საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა პირადად ჩამოიტანა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ქართველ დიპლომატთან ინტერვიუ. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი კი საფრანგეთში მცხოვრები, ელისე პატარიძის შვილი, ოთარ პატარიძე გახლავთ, რომელიც საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
შ.ლ – ბატონო ოთარ, პირველ ყოვლისა, მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო და დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ხართ.
ო.პ. – მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ.
შ.ლ. – ბატონო ოთარ, საარქივო მასალა, რომელიც თქვენ საქართველოს გადმოეცით, მოიცავს მამათქვენის, ქართველი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს, ეს ყველაფერი ქართველი საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო... ვსარგებლობ თქვენთან გასაუბრების შემთხვევით და პირადად გიხდით მადლობას…
ო.პ. – მადლობა ყურადღებისთვის… რაც შეეხება მასალებს, ქართულ მხარეს მამაჩემის ლექსების წიგნების კოლექცია ჯერ კიდევ 2008 წელს გადავეცი, თუმცა, ხელნაწერები, ჩანაწერები და მის მიერ თავის დროზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები 2023 წლამდე ჩვენს ოჯახში ინახებოდა. ამასწინათ, მე და ჩემმა დამ – თინამ, გადავწყვიტეთ, სწორი იქნებოდა, თუ ელისე პატარიძესთან დაკავშირებული მასალები, საფრანგეთის ნაცვლად, საქართველოში მოიყრიდა თავს. ასეც მოვიქეცით, დავუკავშირდით საქართველოს ელჩს საფრანგეთში და ჩანაფიქრის განხორციელებაში დახმარება ვთხოვეთ. ბატონი გოჩას მადლობელი ვარ, იგი ყურადღებით მოეკიდა ამ საკითხს და დღეს მამაჩემის არქივები საქართველოშია!
შ.ლ. – ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. ამისთვის თქვენ და ქალბატონ თინას დიდ მადლობას გიხდით, ასევე, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტები საქართველოში პირადად ჩამოიტანა და, თქვენი თხოვნის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოსცა. რამ განაპირობა თქვენი ასეთი განსაკუთრებული არჩევანი?
ო.პ. – მამა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ვიფიქრე, სწორი იქნებოდა, თუ არქივებისა და სხვა სახის დოკუმენტების მფლობელი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი იქნებოდა. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნულ არქივებს სათანადოდ მოუვლიან.
შ.ლ. – ბატონი ელისე სტუდენტი იყო, როდესაც რუსული არმია საქართველოში შემოიჭრა… მამისგან, ამ უმძიმესი პერიოდის შესახებ, ალბათ, არაერთი ფაქტის შესახებ გსმენიათ…
ო.პ. – მამის გადმოცემით, ივანე ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. მან სტუდენტებს პირდაპირ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ წიგნის მაგივრად სტუდენტებს ხელში იარაღი უნდა აეღოთ. მამაჩემმა ივანე ჯავახიშვილისგან კონკრეტული დავალებაც მიიღო… ელისე, იმერეთში უნდა წასულიყო, ტყეში დამალულიყო და შეიარაღებული რაზმებისთვის იქიდან ეხელმძღვანელა. ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ ივანე ჯავახიშვილი სტუდენტებს იარაღის გადამალვას უნივერსიტეტის სარდაფებშიც სთავაზობდა.
შ.ლ. – ძალიან საინტერესო დეტალებს აღწერთ… მინდა, კიდევ ერთხელ დავაზუსტო, ეს ინფორმაცია თქვენ მამისგან იცით, თუ ვინმეს ნაამბობით და გადმოცემით?
ო.პ. – ეს ვიცი მამისგან. ივანე ჯავახიშვილი შეხვდა სტუდენტებს, რომელთა შორის მამაჩემიც იყო და პირდაპირ ასე მიმართა! საქართველოში ის დრო იყო მოსული, როდესაც წიგნების მაგივრად, სტუდენტებს ხელში იარაღი უნდა აეღოთ!.. სხვათა შორის, მაქვს უნივერსიტეტის სარდაფის რუკაც, სადაც შესაძლებელი იყო აჯანყებულების კუთვნილი იარაღის დამალვაც… ამ რუკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი სარდაფის ერთი ნაწილი ძალიან ჰგავს წმინდა ნინოს ჯვარს…
შ.ლ. – ბატონო ოთარ, მოდი, მაინც დავაზუსტებ, თქვენ დაბეჯითებით შეგიძლიათ, თქვათ, რომ იმ ურთულეს წლებში უნივერსიტეტის სარდაფებში საბრძოლო იარაღი ინახებოდა?
ო.პ. – ამის დაბეჯითებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ მახსოვს მამის ნაამბობი, გარკვეული დროის შემდეგ, როგორ დაიჭირეს იგი სხვა აჯანყებულებთან ერთად და მეტეხის ციხეში ჩაკეტეს…
შ.ლ.- ძალიან საინტერესო მომენტთან მივედით, სტუდენტი ელისე პატარიძე დაიჭირეს. რა მოხდა შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები?
ო.პ. – მამამ და მისმა თანამოაზრეებმა იმდენი მოახერხეს, რომ ციხიდან გაქცევა შეძლეს. დეტალები – უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ პატიმრები მტკვარში ჩახტნენ და გარკვეული მანძილი ყველასგან შეუმჩნევლად გაცურეს. ამის შემდეგ, ქალების ტანისამოსი ჩაიცვეს და ნაგარევში, თერჯოლის რაიონში ჩავიდნენ, სადაც იმალებოდნენ კიდეც. შემდეგ იყო ხანგრძლივი გზა, ფეხით – სტამბოლამდე… ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ გაქცეულებს, დახმარება თურქეთში კონსტანტინე გვარჯალაძემ აღმოუჩინა, რომელიც იმ დროს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი იყო.
შ.ლ. – საკმაოდ ხანგრძლივი იძულებითი გადაადგილების შემდეგ, იყო გზა საფრანგეთისკენ…
ო.პ. – დიახ, 1924 წელს, საქართველოდან გაქცევის შემდეგ მამა მის თანამოაზრეებთან ერთად საბოლოოდ მარსელში ჩამოვიდა.
შ.ლ. – წარმომიდგენია… უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული…
ო.პ. – დიახ, ბევრი სირთულე იყო, მაგრამ საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ სამშობლოდან გამოქცეული ქართველები „პეჟო“-ს ქარხანაში მალევე დასაქმდნენ და ამ უდიდესი დახმარების გაწევა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეძლო. სხვათა შორის, ქაქუცა არამარტო მამაჩემს, არამედ ელისეს თანაპარტიელებს დაეხმარა.
შ.ლ. – ძალიან საინტერესო დეტალია…
ო.პ. – მიუხედავად იმისა, რომ ქაქუცა თავად იყო ემიგრანტი, გავლენიანი ფიგურა იყო და პარიზში დიდი ნაცნობობა აკავშირებდა, გენერლებთან და არა მარტო…
შ.ლ. – უთუოდ შთამბეჭდავი ფაქტია… უცხო ქვეყანაში დაასაქმო ადამიანები, როდესაც თავად ხარ იძულებით ემიგრაციაში…
ო.პ. – ქაქუცა გენერალ კოკესთან მეგობრობდა, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავდა. ეს გენერალი კი ძალიან ახლო მეგობარი იყო „პეჟო“-ს ქარხნის ერთ-ერთი აქციონერის. აქედან გამომდინარე, კეთილი საქმის გაკეთებაც გაადვილდა…
შ.ლ. – ბატონი ელისე რა პოზიციაზე მუშაობდა „პეჟო“-ს ქარხანაში?
ო.პ. – თავდაპირველად მუშა იყო და მძიმე სამუშაოს ასრულებდა. გარკვეული დროის შემდეგ, მამაჩემი ამ ქარხანაში ბუღალტერი გახდა, ხაზინადარი იყო.
შ.ლ. – საკმაო შთამბეჭდავი კარიერაა… დასაქმების შემდეგ, ბატონი ელისე საფრანგეთში დაქორწინდა. როგორ გაიცნეს თქვენმა მშობლებმა ერთმანეთი?
ო.პ. – დედამ და მამამ ერთმანეთი, საფრანგეთში, 1938 წელს გაიცნეს. დედაც იძულებით ემიგრაციაში იყო, აქ… თუმცა მანამდე ზუგდიდში ცხოვრობდა. თამარი, გრიშა ალშიბაიას ქალიშვილი გახლდათ, რომელიც დადიანების სასახლის მოურავი იყო. სწორედ ბაბუაჩემის გადარჩენილია რუსებისგან გაძარცვას მთელი საგანძური…
რაც შეეხება დედაჩემის იძულებით ემიგრაციას… სამშობლოდან მისი გაქცევა ისევ და ისევ, რუსულ აგრესიას უკავშირდება. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრისას, დედაჩემი, ბიძას, აზერბაიჯანში სტუმრობდა. ბიძამისი, საქართველოს ელჩი გახლდათ მეზობელ ქვეყანაში. რუსული ფაქტორის გათვალისწინებით, დედაჩემის ოჯახი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა და თურქეთში გადავიდა, შემდეგ იყო გერმანია და პოლონეთი, ბოლოს კი საფრანგეთში დამკვიდრდა.
სხვათა შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცნობილი ფოტო, ერთადერთი – პროფილში… პოლონეთშია გადაღებული, რომელიც წლების წინ საქართველოს მხარეს გადავეცი.
რაც შეეხება თქვენს კითხვა, თუ როგორ გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი… ერთხელაც, ისე მოხდა, რომ დედა ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მამაჩემი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა. მამას მის მიერ დაწერილი ლექსი წაუკითხავს. განვლილი წლების შემდეგ, დედაჩემი იხსენებდა, რომ მისი მომავალი მეუღლე ლექსის წაკითხვისას, ერთდროულად შეუყვარდა და შეეცოდა კიდეც…
შ.ლ.- რა საინტერესოა მომენტია… შეგიძლიათ ეს ლექსი მე და დღევანდელი ინტერვიუს მკითხველებსაც გაგვაცნოთ?
„ოც და ექვს მაის“-ს
ორ საუკუნის მიჯნაზე ცა კიდევ ერთხელ გაიხსნა,
და საქართველოს მიწაზე მონობის ხუნდი დაიმსხვრა.
ილიას გულის ნადები ღვთიური ძალით აიხსნა,
და დიდებისა სიმღერა კიდით-კიდემდის გაისმა.
ზეცით გარდმოდი დიდებით შენ „ოც და ექვსო მაისო“!
და საქართველო აღმდგარი შენი სხივებით აღივსო.
„თეთრი გიორგი“ გშვენოდა შენ, ჩვენო ძველო ტფილისო,
სამფერ დროშებით მოირთე შენც ლამაზო ქუთაისო.
ცაზედ გამოჩნდენ მეფენი: დავით, სოლომონ, თამარი,
ერეკლეს ხმალზედ იფიცებს აღმდგარ ქართველთა ლაშქარი.
დიმიტრ, აკაკი, ილია, ფშაველი ვაჟაც აქ არი,
და დიდებასა გალობენ, რომ აუსრულონ სიზმარი.
ჩვენი ქვეყანა ყვაოდა და თან ბუნებაც დარობდა,
მკვდრეთით აღმდგარი ქართველი თავისუფლებით ხარობდა,
მამაპაპათა საფლავნი სამფერ ვარდებით ყვაობდა,
და მათი წმინდა სულები „მრავალ ჟამიერს“ ჰგალობდა.
დიდხანს ვერ დავსტკბით მშვენებით ჩვენ შენი სიდიადისა,
კოხით დასეტყვა ვიხილეთ შენ-სამაისო ვარდისა.
ვინც ჩვეულია მონობას, უღელს, კეხსა და აღვირსა,
ღმერთმა დაგსაჯა, მონობა ჩვენ კიდევ მისი გვაღირსა.
ჩრდილოდან ქარი მოვარდა, შენი ლამპარი ჩაგვიქრო,
ქვეყანა მგლებით აივსო, მშვიდი სიცოცხლე დაგვიფრთხო,
სუსხიან ქარმა გაგვყინა, ლამის გულები გაგვიხმო,
ველურთა ჯარი დაგვესხა, ეგონა უკვე დაგვიპყრო!
იუდას ხელით ჯვარცმულო „შენ ოც და ექვსო მაისო“!
ქართველი ერის მიზანო, მნათობო ბნელი ღამისო,
ბრძოლის დროშა ხარ დიადი, ანმთები ბრძოლის ალისო,
შენთვის მებრძოლთა ლაშქარით ცა და ქვეყანა აღივსო.
ქართველები ვართ, გვჩვევია მტერზედ ამოყრა ჯავრისო.
ციხის შიგნითაც დახვედრა მტრად შემოსული ჯარისო.
მოგვეცი ბრძოლის ნიშანი შენ „ოც და ექვსო მაისო“,
მამა – დავითზედ დაგიდგათ შენ ტახტი სამარადისო.
26 მაისი, 1938 წელი
პარიზი
შ.ლ. – დიდი მადლობა… მოდით, პოეზიის ამ ხუთი წუთის შემდეგ, ისიც მითხარით რას უყვებოდა მამა თავის შვილებს საქართველოს შესახებ?
ო.პ. – ოჯახში მუდამ ქართულად ვსაუბრობდით, მამა მუდმივად გვიყვებოდა საქართველოს შესახებ. ენატრებოდა სამშობლო… მე და ჩემს დებს თვალცრემლიანი გვეტყოდა ხოლმე: – „იცით რა ლამაზია საქართველო?“ – იქაური ხილიც კი სულ სხვა გემოსიაო… მამას ხშირად დავყავდით წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაშიც, სადაც ვგალობდით ხოლმე. არ არსებობდა კვირა რომ გაგვეცდინა. მამა ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო და ქართულ ტრადიციებს ბავშვობიდანვე გვასწავლიდა.
შ.ლ. – სიტყვა ტრადიცია ახსენეთ, მამა გვასწავლიდაო… რას მოიცავდა ეს სწავლება? თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი რომ გაიხსენოთ…
ო.პ. – მაგალითად სუფრასთან მოქცევის კულტურა… მამა ყოველთვის გვიხსნიდა, თუ რას ნიშნავდა ქართული სუფრა, თამადობა… როგორ უნდა დაგველია ღვინო ისე, რომ ღრეობაში არ გადაზრდილიყო. ქართული სუფრა სიმღერის მრავალხმოვანებითაც გამოირჩეოდა. ჩვენს ოჯახში შეკრებილი სტუმრები, ხშირად მღეროდნენ ხოლმე. ასე ვისწავლე მრავალჟამიერი და ქართული ხალხური ბევრი სხვა სიმღერა.
შ.ლ. – ის, რაც ახლა მოვისმინე, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო იქნება ის პასუხი, რომელსაც ჩემი მომდევნო კითხვიდან გამომდინარე გავეცნობი. მამათქვენის სიცოცხლეში, თუ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ საბჭოთა საქართველოდან ვინმე ფარულად გესტუმრათ და თუკი, ასეთი ფაქტი მომხდარა, რა შინაარსის საუბარი შემდგარა?
ო.პ. – პირადად მე ასეთი კერძო ვიზიტი ჩვენს ოჯახში არ მახსენდება, თუმცა, გავიხსენებ 1957 წელს, როდესაც სუხიშვილები ალამბრაში ჩამოვიდნენ. ასე მასშტაბურად ქართული ცეკვა პირველად მაშინ ვიხილეთ. გვინდოდა მათთან დაკონტაქტება, მაგრამ ჯაშუშების აქტიურობა იგრძნობოდა და მოცეკვავეებთან გასაუბრება არ შედგა. ცხადია, ანსამბლის წევრებმაც თავი შეიკავეს… მაქვს მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამამ, ანსამბლის ერთ-ერთი წევრისთვის წიგნის გადაცემა მაინც მოახერხა, მაგრამ სხვა დამატებითი დეტალები ჩემთვის უცნობია.
შ.ლ. – ასეა, თუ ისე, გავიდა ხანი, ათწლეულები… და საქართველო დამოუკიდებელი გახდა! რაც ადრე სრულიად წარმოუდგენელი, ან თითქმის წარმოუდგენელი იყო, რეალობად იქცა… თქვენ საქართველოში ჩამოხვედით…
ო.პ. – დიახ, პირველად ეს 1991 წელს მოხდა, მაშინ ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, მე კი, როგორც დამკვირვებელი, ვმონაწილეობდი.
შ.ლ. – გამსახურდიას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა. რა აღარ მოხდა საქართველოში… თქვენი გადასახედიდან, რას ეტყოდით დღეს ქართველ ხალხს?
ო.პ. – ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ ღვთის რწმენა არ დაივიწყოს, ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა. ადამიანებმა ჭირში და ლხინში ერთმანეთი უნდა გაიტანონ და სხვის აზრს პატივი სცენ. ასევე, აუცილებელია, ლმობიერება და შემწყნარებლობა. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წარსული, ისტორია. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ზნე-ჩვეულებები და შეუდარებელი სიმღერის, ცეკვისა და სუფრის ტრადიციები, არ უნდა ვუღალატოთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც იქ, თუ აქ, დაუღალავ ლაშქრობებში ამდენი სისხლი გაიღეს იმისთვის, რომ სამშობლო დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოფილიყო. მაშ… დაილოცოს საქართველო! ქართველებო, ბრძოლა გრძელდება! დიდება ქართველ ერს!
შ.ლ. – თქვენი ამ ზეამაღლებული პათოსის შემდეგ, ერთი დამატებითი კითხვაც მსურს დაგისვათ. დღეს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს, თუ არა საქართველოს პოლიტიკური კურსი პროევროპული?
ო.პ. – აუცილებლად! ამ მისწრაფებაში თურქეთიც დაგვეხმარება.
შ.ლ. – ინტერვიუს ბოლოს, ლოკალური, თუ გლობალური პოლიტიკიდან, ისევ ძირითად თემას დავუბრუნდეთ. თქვენ და თქვენმა დამ, საქართველოს, დროის სხვადასხვა მონაკვეთში მამათქვენის, ძალიან საინტერესო არქივები გადმოეცით. ხომ არ ფიქრობთ, რომ მომავალშიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებთ?
ო.პ. – თუკი რაიმეს დამატებით ვიპოვი, სიამოვნებით, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მასალები არ გამაჩნია.
შ.ლ. – იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ აღმოაჩენთ ისეთ მნიშვნელოვან, თუნდაც ერთ მასალას, რომელიც საქართველოსთვის ძალიან ღირებული იქნება. მანამდე კი მინდა, ერთი სიმღერა გთხოვოთ. ვიცი, რომ ქართული სიმღერა ძალიან გიყვართ, ამიტომ, ექსკლუზივს გთხოვთ… ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის… თქვენს სიმღერას მამათქვენის არქივებთან ერთად შევინახავთ და სათანადოდ მოვუვლით…
P.S. ოთხმოც წელს მიტანებულმა ბატონმა ოთარმა პირდაპირი ჩართვის რეჟიმში (საქართველო-საფრანგეთი) რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის „მრავალჟამიერი“! მისი ნამღერი, უკვე უნიკალური ჩანაწერია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივშია დაცული…
სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.