ზელენსკი: უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას მხოლოდ ბრძოლის ველზე გამოიყენებს

უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას მხოლოდ ბრძოლის ველზე რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ გამოიყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხრა წლის წინ, როდესაც რუსეთი დონბასსა და ყირიმში შეიჭრა, კიევმა მსოფლიოს მოუწოდა ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე და კასეტური საბრძოლო მასალები აეკრძალა.

„უკრაინამ კასეტური საბრძოლო მასალები 2023 წელს მიიღო – მანამდე 9 წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა აკრძალულ იარაღს, მათ შორის კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებდა. 9 წლის წინ ვთქვით, რომ დახმარება გვჭირდებოდა. საჭირო იყო რუსეთზე ზეწოლა და კასეტური საბრძოლო მასალების აკრძალვა. გავიდა 9 წელი და ისინი როგორც იყენებდნენ, ასევე იყენებენ ახლაც. აქვს თუ არა უკრაინას თავდაცვის უფლება?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კასეტურ საბრძოლო მასალებს მხოლოდ დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გამოიყენებენ. ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას „სამართლიანი“ უწოდა.

„ჩვენ მოგვცეს კასეტური საბრძოლო მასალა. სად არის მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინამ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენა? ამის მტკიცებულებები არ არსებობს. დიახ, ბრძოლის ველზე, მტრის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე, როდესაც მტერი ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს, ჩვენ ასეთივე იარაღს გამოვიყენებთ. ეს სამართლიანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები