აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ელის, რომ კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის საქმეზე დააკავებენ. ამის შესახებ იგი Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
როგორც მან აღნიშნა, ორი დღის წინ, იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორ ჯეკ სმიტისგან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ის 6 იანვრის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გამოძიების სამიზნეა.
ტრამპის თქმით, მას 4 დღე მისცეს იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა წინაშე გამოცხადდეს, რაც თითქმის დაპატიმრებასა და ბრალდების წაყენებას ნიშნავს.
„შეშლილმა ჯეკ სმიტმა, ჯო ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორმა, გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მე ვარ 6 იანვრის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გამოძიების სამიზნე და მომცა 4 დღე, რომ გამოვცხადდე ნაფიც მსაჯულთა წინაშე, რაც თითქმის ნიშნავს დაპატიმრებასა და ბრალდების წაყენებას“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. გამოძიებამ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპს სამი სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა.