ცუცქირიძე: გაუგებარია, ყველა რატომ უნდა იხდიდეს მაღალ ფასს უკრაინის ომის გამო – საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება, არ აჰყვა პოლიტიკურ პოპულიზმს და ოპოზიციის ნარატივს სანქციებთან მიერთებაზე

გაუგებარია, ყველა რატომ უნდა იხდიდეს მაღალ ფასს უკრაინის ომის გამო, მაშინ როდესაც საქართველოს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს გადახდილი, რაც ტერიტორიების ნაწილის დროებით დაკარგვადაც დაუჯდა. მით უფრო მიუღებელია მეორე ფრონტის სცენარი, რომელშიც საქართველო უნდა მიერთებოდა სანქციებს და ჩამოშლილიყო ეკონომიკა, მაშინ როდესაც თავად ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება, არ აჰყვა პოლიტიკურ პოპულიზმს და ოპოზიციის ნარატივს სანქციებთან მიერთებაზე, ვფიქრობ, ეს არის ამ კრიტიკის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე გაუთავებელი ვაჭრობის მთავარი გასაღებიც!

„წინა პოსტში შევეხე რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივებს, სადაც აღვნიშნე, რომ რუსეთმა დიდწილად მოახდინა მიწოდების ჯაჭვების რესტრუქტურიზაცია და მისი საქონლის იმპორტი აღდგა, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა, როგორც მისი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტისა გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და G7-ის სანქციები მიზნად ისახავს მის მკვეთრ შემცირებას.

ევროპამაც შეცვალა მიწოდების და მოთხოვნის ჯაჭვების სტრუქტურა, ხოლო გაზის მიღება რუსეთიდან გადააწყო ნორვეგიიდან, ალჟირიდან და აზერბაიჯანის მიმართულებებზე. ამასთან, არსებითად გაზარდა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი, რომელიც ძირითადად ტრანსპორტირდება საზღვაო გზით აშშ-დან. მართალია, რუსეთის საბაზრო ძალაუფლება ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე, არსებითად შემცირდა, თუმცა გაზის ღირებულება გაიზარდა, რამაც ზეგავლენა იქონია ინფალაციის მაღალ მაჩვენებელზე.

მართალია, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებამ, მიწოდების შეზღუდვის შემცირებამ და შრომის  ბაზარმა ხელი შეუწყო ზომიერ ზრდას 2023 წლის პირველ კვარტალში, რითაც გააქარწყლა რეცესიის შიში, თუმცა ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა მაინც დაბალ ნიშნულზე რჩება. 2023 წელს ევროკავშირის ეკონომიკა მხოლოდ 1.0%-მდე (ზამთრის შუალედურ პროგნოზში 0.8%) გაიზრდება და 2024 წელს 1.7%-მდე (ზამთარში 1.6%).ევროსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველ კვარტალში  მშპ გაიზარდა 0.3%-ით ევროკავშირში და 0.1%-ით ევროზონაში. ძირითადი ფასების მუდმივი ზეწოლის ფონზე, ინფლაცია ასევე გადაიხედა ზამთართან შედარებით, 5.8%-მდე 2023 წელს, მაგრამ მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიის სახელმწიფოებში და აღმოსავლეთ ევროპის და კონტინენტური ევროპის ქვეყნების ნაწილში კვლავ მაღალ ორნიშნა ზღვარზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის შესამჩნევად დაბალი ფასები მოქმედებს ეკონომიკაზე, რაც ამცირებს ფირმების წარმოების ხარჯებს, თუმცა კერძო მოხმარება მაინც რჩება შემცირებული, შენელებულ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს ევროპას.

რადგან ხელფასის ზრდა ჩამორჩება ინფლაციას ინფლაციისა და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ხელფასები 2019 წლიდან გერმანიაში დაახლოებით 3%-ით შემცირდა, იტალიასა და ესპანეთში 3.5%-ით და საბერძნეთში 6%-ით. OECD-ის მონაცემებით, მართალია, აშშ-ში რეალური ხელფასები იმავე პერიოდში დაახლოებით 6%-ით გაიზარდა მაგრამ ეს ზრდა მთლიანად შთანთქა ინფლაციამ. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სახელმწიფო ხარჯების შემცირებამ განსაკუთრებით დაარტყა ევროპის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურს.

ჩემი შეფასებით ერთ-ერთი, მიზეზი თუ რის გამოც ღიზიანდებიან ევროპელები და არა მარტო, ეს ევროდეპუტატებსაც ეხებათ და თუნდაც უკრაინის ოფიციოზსაც არის ის, რომ ამ ფონზე რაც ევროპაში და უკრაინაში ხდება, როდესაც ღარიბდება მთელი ევროპა თუ ცალკეული სახელმწიფოები, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე,  ინფლაცია 0,7% ია და მის მიზნობრივ 3 %-იან მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება.

ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, გარკვეული თვალსაზრისით  შეუთავსებელია ამ დინამიკასთან და პროცესებთან, რაც მიმდინარეობს უკრაინის ომის ფონზე! მით უმეტეს სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასებით  რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დარჩა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ „პოზიტიურია“. ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან – 4.5%-თან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით მეტია და ჩვენი პროგნოზით ზრდა წლის ბოლოს კიდევ უფრო მეტი სავარაუდოდ, 8,5-9 % იქნება.

თუმცა გაუგებარია, ყველა რატომ უნდა იხდიდეს მაღალ ფასს უკრაინის ომის გამო, მაშინ როდესაც საქართველოს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს გადახდილი, რაც ტერიტორიების ნაწილის დროებით დაკარგვადაც დაუჯდა. მით უფრო მიუღებელია მეორე ფრონტის სცენარი, რომელშიც საქართველო უნდა მიერთებოდა სანქციებს და ჩამოშლილიყო ეკონომიკა, მაშინ როდესაც თავად ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც!

საქართველოს ხელისუფლებამ პირიქით რომ გააკეთა, გააკეთა ის, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება, არ აჰყვა პოლიტიკურ პოპულიზმს და ოპოზიციის ნარატივს სანქციებთან მიერთებაზე, ვფიქრობ, ეს არის ამ კრიტიკის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე გაუთავებელი ვაჭრობის მთავარი გასაღებიც!“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები