ყველა თაობის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, დაბადებიდან 95 წელი შესრულდა
ყველა თაობის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, დაბადებიდან 95 წელი შესრულდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ნოდარ დუმბაძის ხსოვნას, ქართული კულტურისა და მწერლობის წინაშე მის უდიდეს ღვაწლს.
„ნოდარ დუმბაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ახლად დაარსებულ ჟურნალ „ცისკარში“ და კინოსტუდია „ქართულ ფილმში” – სასცენარო კოლეგიის წევრად. იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას.
მწერლის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა; ხოლო 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1956–57 წლებში ჟურნალ „ნიანგში“ საქმიანობისას, ბიბლიოთეკის სერიით, გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული — „ყურადღება, ვიწყებთ ვარჯიშს“, „გაუმარჯოს გიგილოს“, და „გლადიატორი“.
1957 წელს წამოვიდა სამსახურიდან, რათა მთელი დრო მწერლობისთვის მიეძღვნა. მისი მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1960) და „მე ვხედავ მზეს“ (1962) მოუტანა. ორივე რომანისთვის, რომლებიც ეხებოდა ქართველების ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის დროს, 1966 წელს მიიღო საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემია. 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.
ნაწარმოებებიდან წამოსულმა ადამიანურობამ, სინათლემ და სითბომ, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მწერლის შემოქმედება ტრაგიკულისა და კომიკურის დიდებულ ნაზავს წარმოადგენს და, ამგვარად, გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართულ მწერლობაში. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, პოლონურ, იაპონურ, არაბულ, რუსულ, უკრაინულ, თურქულ და სხვა ენებზე.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მას ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. საინტერესოა მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები.
სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად, დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. მწერლის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილმა სპექტაკლებმა და კინოფილმებმა. შემოქმედის ოთხი რომანი დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე, აგრეთვე, მისი თხზულებების მიხედვით შეიქმნა ეკრანიზაციები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ., რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ., რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“, (1972 წ., რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი), „თეთრი ბაირაღები” (1990 წ., რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე), „მარადისობის კანონი” (1982 წ., რეჟისორი ვალერიან კვაჭაძე).
აღსანიშნავია, რომ წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს მიეძღვნა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 5-15 ივლისს მასპინძლობს. ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშების წარმოდგენით იქნება გამორჩეული. ათი დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამი სივრცე უცხოეთის შვიდმა თეატრმა რვა სპექტაკლით, ხოლო 18-მა ქართულმა თეატრი 18 სპექტაკლით დაიკავა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.