თეა წულუკიანი: ვაშაძემ, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, სხვას როგორ უნდა მიხედოს და მითუმეტეს, როგორი გამაერთიანებელი უნდა იყოს?

ოპოზიციაში ვეღარ ვითვლით იმდენი გადაჯგუფება მომხდარა და ხდება. ვინ ვის გამოუერთდა და ვინ ვის შეუერთდა, მე პირადად უკვე ამერია სათვალავი. ოღონდ ამას რიტორიკულად და ნიშნის მოგებით არ ვამბობ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში არ არის სტაბილური ვითარება, რაც პირდაპირ აისახება მათ არც თუ ისე საიმედო რეიტინგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე არჩევნებში.

„თუ დღეს ჩამიტარებთ გამოცდას და მკითხავთ, პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერები რომელ პარტიაში არიან, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვეღარც გიპასუხოთ. ეს მორიგი გადაჯგუფება, რომ თითქოს ვაშაძე რაღაცას შეცვლის, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, სხვას როგორ უნდა მიხედოს და მითუმეტეს როგორი გამაერთიანებელი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის. მგონი ვერაფერს შეცვლის. სტაბილური ვითარება რომ არ არის ოპოზიციაში, რომ არ არის თანმიმდევრულობა, რომ არ არის არავითარი სიახლე, ეს პირდაპირ აისახება მათ რეიტინგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, არც თუ ისე საიმედო პერსპექტივებზე მომავალი წლის არჩევნებში. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, ვინაიდან სახელმწიფოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის სჭირდება ქმედითუნარიანი, ძლიერი, რეალურ ოპონირებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც იმავდროულად და უპირველეს ყოვლისა უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპირო პროცესს. დაქსაქსული, გაუაზრებელი პოლიტიკის მქონე ოპოზიცია, რომელიც ჩასაფრებულია არა მთავრობის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. გამოუშვეს კიევიდან ჩვენი ელჩი და ტაშის გრიალი აქვთ, უხარიათ ბოროტად. უკრაინამ წინ უნდა წაიწიოს და ჩვენ უკან უნდა ვიყოთ მაჩანჩალებად და ეს თუ ასეა გაუხარდებათ. ამ დროს, როდესაც ეს ასე არ არის მაინც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ასეა და მრავალი ის ბოროტება, რომელიც ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ მათ ახარებთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერანაირ გადაჯგუფებას ვერანაირი პერსპექტივა, ჩემი აზრით ვერ ექნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები