გურამ მაჭარაშვილი: NATO-ს ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ამბობდა ამას თბილისშიც და ბრიუსელშიც, რომ ქვეყანა უკვე თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან – ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს
„NATO-ს თუ აქვს პრაგმატული პოლიტიკა და ეს ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის უფლება, რომ პრაგმატული პოლიტიკა გვქონდეს რუსეთთან და ზოგადად დეოკუპაციასთან მიმართებაში?“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ შენარჩუნებულია ისევ ის სტატუს-კვო, რაც აქამდე იყო.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ჯერ კიდევ წლების წინ იყო NATO-ს ხელმძღვანელობის განცხადებები აქ თბილისში და ბრიუსელშიც, რომ თავსებადია საქართველოს ჯარისკაცი NATO-ს ჯარისკაცთან. მხარდამხარ იბრძვიან – ეს მათი სიტყვებია. ასევე, ყოველთვის უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცები არ ჩამოუვარდებოდნენ NATO-ს ჯარისკაცებს და მათი თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად პრაქტიკულად დაამტკიცეს ის, რომ თავსებადია საქართველო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, სამხედრო თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წლების განმავლობაში NATO-ს ხელმძღვანელობა ამბობდა ამას თბილისშიც და ბრიუსელშიც, რომ თავსებადია უკვე ქვეყანა – ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს. 2016 წელს, მე პირადად გახლდით NATO-ს შტაბ-ბინაში, სადაც ასევე დაადასტურეს, რომ დიახ, საქართველო თავსებადია, უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორ მიიღება, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. NATO გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, ანუ ორივე შემადგენლობა აქვს – სამხედრო და პოლიტიკური ნაწილიც. ეს პოლიტიკური ნაწილია ის, რაც მაგალითად ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. დიახ, NATO დარჩა თავის პრინციპზე, რასაც ჰქვია პრაგმატული და უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს არის ყველაზე მთავარი. „ხალხის ძალის“ დღევანდელ წერილის ერთ-ერთი პათოსი ეს არის სწორედ – რატომ უკვირთ საქართველოს პრაგმატული და უსაფრთხო პოლიტიკა მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვიცავს NATO-ს ქოლგა. NATO-ში შედის 32 სახელმწიფო, წარმოიდგინეთ რამხელა სამხედრო ალიანსია. NATO-ს ქოლგა ჩვენ არ გვიცავს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომლის მეზობლებიც ვართ. NATO-ს თუ აქვს პრაგმატული პოლიტიკა და ეს ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის უფლება, რომ პრაგმატული პოლიტიკა გვქონდეს რუსეთთან და ზოგადად დეოკუპაციასთან მიმართებაში? კარგია, რომ სხვა ვერაფერი თქვეს და ჩაწერეს რეფორმების გაგრძელება. ეს რეფორმები ისედაც მიმდინარეობს. როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დელეგაციები ძალიან ხშირად არიან NATO-ს შტაბ-ბინაში. განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროს და ჯარის მიმართულებით ბევრი რეფორმა გრძელდება, მათ შორის, ჩვენი NATO-ელი პარტნიორების დახმარებით. არა მხოლოდ სამხედრო მიმართულებით, ასევე საჯარო სამსახურების, სასამართლო მიმართულებით რეფორმები გრძელდება – ამას არავინ უარყოფს. ეს კარგია, რომ თავად ახსენეს რეფორმები უნდა გაგრძელდესო, რაც სხვა ბევრ ქვეყანაშია. NATO-ს წევრ ქვეყნებში არ ტარდება რეფორმები? ან, არ არის საჭირო? რა თქმა უნდა, საჭიროა. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რადგან თქვეს რეფორმებია მხოლოდ საჭირო, ანუ გააგრძელეთ ეს რეფორმები, თქვენ უკვე მზად ხართ, უბრალოდ ახლავე ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას ვერც საქართველოს და ვერც უკრაინასთან დაკავშირებით, როდის იქნება ეს თარიღიო. არა მხოლოდ თარიღი, არამედ მიახლოებული ვადებიც კი ვერ თქვეს. ანუ, დარჩნენ ისევ იმ სტატუს-კვოში, რასაც აქამდე ამბობდნენ, რომ გასაგებია თქვენ ხართ კარგი „ბიჭები“, მაგრამ ახლა ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ეს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკააო – პირდაპირ ამბობენ. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, უკრაინაში რა მდგომარეობაც არის. ამ მდგომარეობაშიც კი, ვერაფერს სანუგეშოს ვერ ეუბნებიან უკრაინას. ომი რომ დამთავრდება, მერე გადავხედავთ ამ საკითხსო. დღეს ეს მოცემულობაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.