ცესკოს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 29 აპრილის არჩევნების ძირითად მიგნებებზე მსჯელობენ
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისას მიღებული გამოცდილების, მიგნებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მსჯელობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალი ფორმატის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძესთან ერთად გახსნა და მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე და დროულობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინ აღნიშნული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, რათა მხარეებს შორის სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე მოხდეს გამოცდილების გაზიარება და შეთანხმება.
„შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ ორმხრივი დისკუსიის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარონ 29 აპრილის არჩევნებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გაუმჯობესებისა და განვითარების გზები. აღნიშნული პლატფორმა, გარდა კონკრეტული არჩევნების შეფასებისა, ასევე შესაძლებლობას გვაძლევს ღია დისკუსიის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები შევიმუშაოთ, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება საარჩევნო პროცესის შემდგომი განვითარებისთვის,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.
29 აპრილის არჩევნებზე დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე და რეკომენდაციებზე ვრცლად ისაუბრა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელმა პაატა ყვავაძემ, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის ანგარიში გააცნო. მისი შეფასებით, ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი საგრძნობლად გაამარტივა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მან აღნიშნა „მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის. სწორედ შეხვედრების ამგვარი ფორმატის რეკომენდაციას იძლეოდა ეუთოს და ვენეციის კომისიის ერთობლივი დოკუმენტიც, რადგან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ მსგავსი ტიპის შეხვედრები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწობს ხელს.“