თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლადო ათანელის კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სახელგანთქმული ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის, კონცერტი გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.
ქართველ ბარიტონთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ: ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებულები, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე, ნიჭიერი ახალგაზრდა სოპრანო ანა იმედაშვილი და თბილისის ოპერის ორკესტრი; საღამოს დირიჟორობდა მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი.
„საღამოზე შესრულდა: ფრანგული, იტალიური და გერმანული მუსიკა.
აღსანიშნავია, რომ თეატრში მისულმა მაყურებელმა თბილისის ოპერაში პირველად მოისმინა ფრაგმენტები ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ოპერიდან „ფიდელიო“, ჟიულ მასნეს ოპერიდან „ტაისი“ და რუჯერო ლეონკავალოს ოპერიდან „ზაზა“.
ლადო ათანელის დებიუტი 1989 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის „ბალ-მასკარადში“ რენატოს პარტიით შედგა. ლადო ათანელი ფრანსისკო ვინიასის, ი. ჩესტელისა და ბელვედერეს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების პირველი პრემიისა და გრან-პრის მფლობელია. 1996 წლიდან მომღერალი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე – ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვენა, მილანი, ციურიხი, ჟენევა, მიუნხენი, ვაშინგტონი, ტოკიო. ქართველი ბარიტონი აღიარებულია ვერდის, პუჩინის, ჯორდანოს, ლეონკავალოს, მასკანის, მასნეს ოპერების საუკეთესო შემსრულებლად. მის რეპერტუარშია 40-ამდე საოპერო პარტია, მათ შორის: სკარპია, ჟერარი, ტონიო, იაგო, მაკბეტი, ნაბუკო, რიგოლეტო, ბარნაბა და სხვა.
2003 წელს „EMI Classics“-მა დისკზე ჩაწერა პონკიელის ოპერა „ჯოკონდა“, სადაც ლადო ათანელმა ბარნაბას ურთულესი პარტია შეასრულა პლასიდო დომინგოსთან ერთად. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი „საოპერო არიები“, 2009 წელს – მეორე ალბომი „ბარიტონის არიების“ სახელწოდებით. გამოშვებული აქვს დი-ვი-დი დისკები – ვერდის „ოტელო“, მასნეს „ტაისი“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“.
2009 წელს ლადო ათანელმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ნიჭიერ ვოკალისტებს და გზა გაუკაფოს მათ საერთაშორისო სარბიელზე. 2010 წლიდან ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი.
2011 წელს ლადო ათანელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ამავე წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა მას „სიკეთის“ რაინდის წოდება მიანიჭა; 2012 წელს კი – ბრწყინვალების ორდენი. 2017 – იგი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს; ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ გაიხსნა ლადო ათანელის ვარსკვლავი. 2019 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა ცნობილი ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის საღამო – „30 წელი მსოფლიო საოპერო სცენებზე“.
მუსიკის კრიტიკოსებმა ლადო ათანელს უწოდეს „ოქროს ყელი საქართველოდან“ და იგი „ბრილიანტს“ შეადარეს. ხოლო ჟურნალ „ორფეოსში“ დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც ლადოს შემოქმედებას ეძღვნებოდა მომღერლის ხმის სიმძლავრე 355 ცხენის ძალას გაუტოლეს. პრესაში ასევე წერდნენ, რომ იტალიური მუსიკაა მისი ხმისთვის და არა პირიქით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები