ევროპის სამხრეთით ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ – ზოგან 48,8 გრადუსიც დაფიქსირდება

ევროპის ქვეყნებში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 2023 წლის ზაფხულისთვის ყველაზე დიდი სიცხის ტალღა იწყება.

ამის შესახებ BBC იტყობინება.

სიცხის ტალღა, რომელსაც „ცერბერი“ უწოდეს, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, ხორვატიისა და თურქეთის ნაწილებს დაატყდება.

ჰაერის ტემპერატურა 40°C-ს გადააჭარბებს, ხოლო იტალიაში ზოგან 48,8 გრადუსსაც კი პროგნოზირებენ.

მომდევნო დღეებში ბევრგან შესაძლოა, ტემპერატურის ახალი მაღალი დონე დაფიქსირდეს.

იტალიის ათ ქალაქში, მათ შორის, რომსა და ფლორენციაში, სიცხის გამო, განგაშის წითელი დონე უკვე გამოცხადდა.

ქვეყანაში ძლიერმა სიცხემ ირიბად უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი – მილანის მახლობლად მდებარე ქალაქ ლოდიში, 44 წლის მუშამ სიცხისგან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ სიცხისგან გონება კიდევ რამდენიმე ტურისტმა დაკარგა.

ევროპისთვის ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურა 48,8 გრადუსი 2021 წლის აგვისტოში, სიცილიის ქალაქ სირაკუზესთან დაფიქსირდა.

ექსპერტების აზრით, გასული წლის ევროპაში რეკორდული ცხელი ზაფხულის დროს სიცხის გამო 61 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კვლევები აჩვენებს, რომ, კლიმატის ცვლილების შედეგად, ევროპა ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე – საშუალოდ მსოფლიოს სხვა ნაწილები.

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში გასულ კვირას რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, 7 ივლისს გლობალური საშუალო ტემპერატურა 17,24 გრადუსი იყო, რაც 0,3 გრადუსით მეტია, ვიდრე წინა რეკორდის დროს იყო, რომელიც 2016 წლის 16 აგვისტოს დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები