ვილნიუსში, ნატოს ორდღიანი სამიტის დასასრულს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენ არ ვიტყვით უარს. ამას ვგულისხმობ. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლების მხარეს დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება. შეერთებულმა შტატებმა შექმნა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინა დაიცავს თავს, როგორც ახლა, ასევე შეძლებს ამის გაკეთებას მომავალშიც“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
ბაიდენის თქმით, თითქმის წელიწადნახევრიანი ომის მიუხედავად, უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას სურს, ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს, რომლებიც მოიცავს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს – სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.