დავით ქართველიშვილი: აშშ-ის სპეცსამსახურების მთავარი პერსონალური სამიზნე კვლავ ივანიშვილია; შვეიცარიაში მას აკოტრებდნენ ადგილობრივი აგენტის – პატრიკ ლესკუდრონის დახმარებით, საქართველოში – აგენტ ბაჩიაშვილის მეშვეობით

ზაზა შათირიშვილის განმარტება ბაჩიაშვილის საქმეზე ჩემთვის არა “კონსპიროლოგიურ შეთქმულებას”, არამედ უტყუარ რეალობას წარმოადგენს – დიახ, საქმე გვაქვს აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გადმობირებულ ადამიანთან და მისი ბედით დაინტერესებულ შესაბამის მხარესთან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

ქართველიშვილი ეთანხმება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, შემთხვევითობასთან რომ არ არის დაკავშირებული კრიპტოვალუტის მითვისების ბრალდებით დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის საქმის ბევრი დეტალი, ადასტურებს ისიც, რომ მის უფლებებს მიხეილ ხოდორკოვსკის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი იცავს.

„არანაირ “შემთხვევით დამთხვევას” არც ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ბაჩიაშვილის უფლებებს იცავს ამერიკელების კიდევ ერთი აგენტის – ხოდორკოვსკის ადვოკატი.
საქართველოში ამერიკის სპეცსამსახურების რეზიდენტურის აგენტების “ჩავარდნა” – არახალია. მეორე წელია თავისუფლებაშეზღუდულია მათი გავლენისა და, დიდი ალბათობით, ორმაგი აგენტი სააკაშვილი. გაშმაგებულები იცავენ ამერიკელები კიდევ ერთი თავისი აგენტის, კეზერაშვილის უფლებებს საქართველოს ქვეყნის გარეთ. მაქსიმალური ხელშეუხებლობით სარგებლობენ რეზიდენტურის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით.“ – განაცხადა ქართველიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიაში „კრედიტ სუისის“ თანამშრომლის, პატრიკ ლესკუდრონის მეშვეობით აკოტრებდნენ, ხოლო საქართველოში – გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებით.
„აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარი პერსონალური სამიზნე – კვლავ ივანიშვილია. შვეიცარიაში მას აკოტრებდნენ თავისი ადგილობრივი აგენტის – პატრიკ ლესკუდრონის დახმარებით. საქართველოში მას აკოტრებდნენ – აგენტ ბაჩიაშვილის მეშვეობით. ასეა თუ ისე, დღეს ამერიკელების უკვე ორი აგენტი იმყოფება თავისუფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, რეზიდენტურა მაქსიმალურად გააგრძელებს თავის ძალისხმევას – მათი გათავისუფლების მიზნით. სახელმწიფო კი გააგრძელებს ამ რეზიდენტურის დასუსტებას და ვინ ვის დაამარცხებს ამ უთანასწორო ბრძოლაში – წამგებიანი ფსონების დადებას ნუ ვიჩქარებთ.“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები