გაგრაში 800-მდე სახლია დატბორილი – ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

გაგრის ე.წ. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ წყალდიდობის შედეგად 800-მდე სახლია დატბორილი.

ე.წ. საგანგებო სიტუაციებში აცხადებენ, რომ მაშველები სახლებში, შენობებში, სარდაფებში ბინძური წყლის ამოტუმბვას აგრძელებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუღებელი წვიმები 8-9 ივლისის ღამეს დაატყდა. მოსახლეობას, ასევე ტურისტებს გაგრის რაიონში გამგზავრებისგან თავშეკავებას ურჩევენ.

შეჩერებულია რკინიგზის მოძრაობა.

9 ივლისს მაშველებმა გაგრის, გუდაუთისა და გულრიფშის რაიონებში, წყალდიდობის ზონაში ჩარჩენილი 30-ზე მეტი ტურისტი გადაარჩინეს.

გაგრის რაიონში დატბორილია კერძო საკუთრებები, საცხოვრებელი სახლები და ქუჩები, სტიქიის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ადამურ წიშბამ განაცხადა, გაგრის გარშემო, შემოვლითი გზა უკვე გაწმენდილია.

მისი თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თითქმის მთელ გაგრაში, გარდა აბაზღაას ქუჩისა, სადაც ტრანსფორმატორებია დატბორილი.

წიშბას თქმით, ენერგეტიკულ ობიექტებში წყლის ნაკადი არ მცირდება, მის ამოტუმბვას ვერ ასწრებენ.

ელექტროენერგიის გარეშე ასევე რჩება სოფელი ლძააც.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები