ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის (ალიანსში მიწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

“შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.

სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები