დიდი მაესტროს, გამოჩენილი დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადის, დაბადებიდან 115 წელი გავიდა

დიდი მაესტროს, გამოჩენილი დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადის, დაბადებიდან 115 წელი გავიდა. კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნასა და ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე მის უდიდეს დამსახურებას.
თეო ხელაძე: „გამოჩენილ დირიჟორს, სსრკ-ის სახალხო არტისტს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ოდისეი დიმიტრიადის, ხანგრძლივი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო განხრით, შემდეგ კი – ლენინგრადის კონსერვატორიაში სადირიჟორო განყოფილებაზე. სწავლის დამთავრების შემდეგ, 1936-37 წლებში, იყო სოხუმის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სოხუმის მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორი. 1937 წელს, ევგენი მიქელაძის რეკომენდაციით, იგი გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
1937-1947, 1952-1965 წლებში ოდისეი დიმიტრიადი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო. ამ პერიოდში მან უხელმძღვანელა მრავალი კლასიკური და თანამედროვე ოპერის დადგმას. მათ შორის არის ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, შალვა მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „ორლეანელი ქალწული“, სერგეი პროკოფიევის „სემიონ კოტკო“ და სხვა. საბალეტო სპექტაკლებიდან უნდა აღინიშნოს ალექსი მაჭავარიანის „ოტელო“.
ოდისეი დიმიტრიადი ერთდროულად (1947-52 წლებში) იყო თბილისის ოპერის თეატრისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი. მისი დირიჟორობით პირველად შესრულდა ქართველი კომპოზიტორების – ანდრია ბალანჩივძის, შალვა მშველიძის, ალექსი მაჭავარიანის, ოთარ თაქთაქიშვილისა და სხვათა ცნობილი ნაწარმოებები.
დირიჟორი ნაყოფიერად მოღვაწეობდა რუსეთშიც. 1965-73 წლებში იყო სსრ კავშირის დიდი თეატრის დირიჟორი, 1968-73 წლებში კი – მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი.
1973 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი, აღზარდა ქართველი დირიჟორების არაერთი თაობა, მათ შორის: ჯემალ გოკიელი, მამუკა დოლიძე, ტარიელ დუგლაძე, ჯანსუღ კახიძე, ავთო მამაცაშვილი, რევაზ ტაკიძე, ვადიმ შუბლაძე და სხვ.
აღსანიშნავია მისი საგასტროლო მოღვაწეობა უცხოეთში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად სპექტაკლებს მართავდა სხვადასხვა ქვეყანაში. მისი დირიჟორობით სოფიაში დაიდგა ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდა“, მეხიკოში – მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, ათენში – პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „პიკის ქალი“.
ოდისეი დიმიტრიადი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით, საბერძნეთის „ოქროს მედლით“; იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის, ბათუმისა და ათენის საპატიო მოქალაქე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები