გივი მიქანაძე: დღევანდელი პროექტი არის სანიმუშო თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარს უზრუნველყოფს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პილოტებით

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, პროექტის „პროფესიული განათლების პროგრამების გაძლიერება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში” წარდგენის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

გივი მიქანაძის განცხადებით, 24 თვიანი პროექტი, რომელიც USAID-ის პროგრამის – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებშია დაფინანსებული, დროული და სწორი გამოძახილია იმ საჭიროების, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, შეუძლებელია აქცენტები და პრიორიტეტები არ მიენიჭოს პროფესიულ განათლებას. საქართველოს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქვს მთელ მსოფლიოში მართლაც გამორჩეული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასული ხუთი თვის განმავლობაში თითქმის 6% -იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც იმ დინამიკაზე მეტყველებს, რომელიც სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ პროფესიული განათლების კუთხით მაქსიმალურად გაიზარდოს მხარდაჭერა და იყოს ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. დღევანდელი პროექტი ეს არის სანიმუშო თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარს უზრუნველყოფს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პილოტებით და იმ გუნდით, რომელიც სამომავლოდ განახორციელებს საჰაერო გადაზიდვებს”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პროექტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ჩაკვეტაძეს და კომიტეტის წევრს, მარიამ ლაშხს პროექტის მხარდაჭერისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, ასევე, USAID-ის პროგრამის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები