დავით მათიკაშვილი: ფსევდოშეფასება ნიკა გვარამიასი, როგორც მედიამენეჯერის და ფსევდომიზეზი ვითომ დეპოლარიზაციისა, საპნის ბუშტივით გაქრა
“ნიკა გვარამიამ საზოგადოების წინაშე დაადასტურა, რომ ის აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, არც არასდროს გამოსულა პოლიტიკიდან და მისი ძირითადი მიზანი საზოგადოების დესტაბილიზაცია და რადიკალიზაციაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილების გაკრიტიკებით მოხდა ლუსტრაცია, თუ რას წარმოადგენს გვარამია.
„ფსევდოშეფასება ნიკა გვარამიასი, როგორც მედიამენეჯერის და ეს ფსევდომიზეზი ვითომ დეპოლარიზაციისა, საპნის ბუშტივით გაქრა. ნიკა გვარამიამ საზოგადოების წინაშე დაადასტურა, რომ ის აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, არც არასდროს გამოსულა პოლიტიკიდან და მისი ძირითადი მიზანი საზოგადოების დესტაბილიზაცია და რადიკალიზაციაა. გვარამია აქტიურად აკრიტიკებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, კიდევ მოხდა კარგად ლუსტრაცია იმის, თუ რას წარმოადგენს ნიკა გვარამია და აცდენილია იმის შეფასება, რომ ნიკა გვარამია არის მედიამენეჯერი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემი აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%-ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე “გაყიდა” ოცნების პროპაგანდამ – “სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს”, რაც ცხადია ტყუილია, მაგრამ იმუშავა”.