“პარლამენტმა შესთავაზა ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვა, თუმცა, რამდენიმე პარტიამ თქვა უარი, რაც იყო პირდაპირ დეპოლარიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი” – ირაკლი კობახიძე
„დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, ეს არის შესასრულებლად ყველაზე რთული საკითხი. ამ პრიორიტეტის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობას, მათ შორის, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, ქართულ პოლიტიკასთან კავშირში მყოფი ნებისმიერი სუბიექტის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ 12 პუნქტის გარშემო, ეს იყო ოპოზიციის სათანადო ჩართულობა ამ 12 პუნქტის შესრულებაში. პარლამენტმა ყველას შესთავაზა, ნებისმიერი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია ჩართულიყო სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, თუმცა რამდენიმე პარტიამ თქვა უარი ჩართულობაზე. ესეც იყო პირდაპირ დეპოლარიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დაიწყო პოლარიზაციის ხელშემწყობი ქმედებებისა და განცხადებების მუდმივი მონიტორინგი. შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა ყველა დაინტერესებულ მხარეს, უფრო ღრმად გასცნობოდნენ ამ მონიტორინგის ანგარიშს, თუმცა, ინტერესი იყო ძალიან შეზღუდული – მიზეზებზე ერთად შეიძლება ვიმსჯელოთ.
რაც შეეხება ხმის მიცემის სტატისტიკას, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა 17-ვე ინიციატივას. „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერდნენ 14 ინიციატივას, „ლელო“ – 9 ინიციატივას, დამოუკიდებელი დეპუტატები (სამნიძე, აქუბარდია, კორძაია) – 9 ინიციატივას, „მოქალაქეები“ – 7 ინიციატივას, „გირჩი“ – 5 ინიციატივას, „საქართველოსთვის“ – 4 ინიციატივას, „ნაცმოძრაობა“ – 2 ინიციატივას, „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი 1 ინიციატივას. დაახლოებით აქედან ჩანს ამა თუ იმ პარტიის დამოკიდებულება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებული პროცესის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.