ტამიშის ბრძოლიდან 30 წელი გავიდა

დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 30-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოგვიანებით, ”შავნაბადას” ბატალიონის მეომრებმა, ელიას მთაზე, ტამიშის ბრძოლის დროს, ბრძოლის ველზე დაცემული გმირების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა და რუსული დესანტის მოგერიების დროს დაღუპულ თანამებრძოლებს პატივი მიაგეს.

“ელიას მთაზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი 2016 წელს გაიხსნა. მონუმენტის ოთხივე მხარეს, 110 მებრძოლის_”შავნაბადელებისა” და არტილერისტების გვარ-სახელებია ამოტვიფრული და საქართველოს რუკა ამშვენებს. სხვადასხვა დროს, აღნიშნული ტერიტორია, წარმოადგენდა ”შავნაბადას” ბატალიონისა და არტილერისტთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილს, სადაც აღიმართა პირველი სახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ობელისკი. დროთა განმავლობაში, დაზიანებული ობელისკი, ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით აღადგინა. ყოველი წლის 2 ივლისს, ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმის დღეს, ”შავნაბადელები”, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, იკრიბებიან მემორიალთან დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, 600 კაცის შემადგენლობით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს ”შავნაბადას”, ”ავაზას” და დუშეთის ბატალიონებმა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს.

ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.

ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები