მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, ComCom-ს, TPDC-სა და UNICEF-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, TPDC-ის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ემი ქლენსმა მოაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების მიხედვით, კომისიამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები, მასწავლებლების შემდგომი გადამზადების მიზნით გადასცა. კერძოდ: მედიაწიგნიერების საგნობრივი სტანდარტი, სახელმძღვანელო და საგანმანათლებლო მოდული.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ComCom-მა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტი დაიწყო. პროექტი თავდაპირველად 500 მასწავლებლის გადამზადებას ემსახურებოდა, თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სულ 600-მდე პედაგოგი გადამზადდა და TPDC-ის ჩართულობით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. გადამზადებულ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი შეასწავლონ, რომლის განმავლობაშიც, მოზარდები ცოდნას მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები