სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის KSAP მიწვევით იმყოფებოდა ვარშავაში
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის KSAP მიწვევით იმყოფებოდა ვარშავაში.
ვიზიტის მიზანი იყო საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების განხორციელების პოლონური გამოცდილების გაზიარება და სასწავლო და ადმინისტრაციული რესურსების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობების შემდგომი შესწავლა. ვიზიტის ფარგლებში ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა ორმხრივი შეხვედრა გამართა პოლონელ კოლეგასთან, ვოიჩეხ ფედერჩუკთან და, ასევე, შეხვედრები ჰქონდა პოლონეთის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის ტრენინგების სამმართველოში.
ვიზიტის შედეგად, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების გაუმჯობესების მიმართულებით KSAP-ის გამოცდილების გაზიარებით, ჟვანიას სკოლა ტრენინგებისა და სემინარების შედეგების ეფექტურობის ე.წ. „გაზომვისა“ და ანგარიშგების ახლებურ სისტემას შექმნის. ამას გარდა, ვიზიტისას განხილული იყო ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან 2020 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.