მარიამ ლაშხი – ოპოზიციას: კარგად უნდა გაიაზროთ, რომ ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოება არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილება ან ექსკლუზიური უფლება

„აღმაშფოთებელია თქვენი დაუოკებელი სურვილი, სანქციების ქვეშ მოაქციოთ ქვეყანა. წარმოუდგენელი ბოროტებაა, რომელიც ვერ გამართლდება ვერანაირი პოლიტიკური პოზიციით. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ოპოზიციას სახელმწიფოებრივად აზროვნებისკენ. კარგად უნდა გაიაზროთ, რომ ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოება არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილება ან ექსკლუზიური უფლება. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა. ამ ქვეყანაში ჩვენი შვილები ცხოვრობენ და ჩვენი შთამომავლები და ერთიანად უნდა ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე”, – მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მარიამ ლაშხის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთვის კონსტიტუციური ნორმაა და ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

მისივე თქმით, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადამიანური რესურსით არის ჩართული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაში და მონაწილეობას იღებს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ეგიდით წარმოებულ მისიებში. ლაშხის განცხადებით, ქვეყნის დელეგაციამ ამ ეტაპზე ევროპის 15-ზე მეტი დედაქალაქი მოიარა მხარდაჭერის მოპოვებისათვის, ასევე უმასპინძლა მაღალი რანგის დელეგაციებს, რაც მათი მხრიდან მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირებაა.
„ამ დროს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იმის ნაცვლად რომ ამ შეხვედრებზე მთავარი აქცენტი საქართველოს პროგრესსა და ჩვენს დამსახურებულ წევრობაზე იყოს, ეფექტურად გამოვიყენოთ დარჩენილი პერიოდი ისტორიული პასუხის მიღებისათვის, შეხვედრის ნაწილი ეთმობა ოპოზიციის მიერ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციის კამპანიის ახსნა-განმარტებას, იმ ყალბი ე.წ. შავი ხვრელების, სანქციების, ფრენების თუ სხვა დამაზიანებელი ინფორმაციების გაქარწყლებას. თქვენი ინტელექტის სრულ კრახს შაბათს გაპრიგოჟინების სამარცხვინო კამპანიაც დაემატა”, – მიმართა მარიამ ლაშხმა ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები