გოჩა ძასოხოვი რუსული ენის პოპულარიზაციისთვის თბილისში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს ქმნის

    „ქართველ ხალხთა ასამბლეა“ საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გახსნას გეგმავს, სადაც რუსული ენა სავალდებულო საგნად იქნება. გოჩა ძასოხოვი საქართველოში ბრუნდება და, ასამბლეის პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში რუსული წიგნების მაღაზიების გახსნას და საქართველოში რუსული ლიტერატურის პოპულარიზაციას გეგმავს, – ამის შესახებ რუსულ რადიოინტერვიუში ასამბლეის პრეზიდენტმა გოჩა ძასოხოვმა განაცხადა.
ძასოხოვის თქმით, პროექტი რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს რუსული ენისა და კულტურის ფართო ასპარეზზე გამოტანასა და პოპულარიზაციას.
მისივე განცხადებით, კულტურული სიახლოვე ქვეყნებს შორის ურთიერთობის დათბობას და მჭიდრო კავშირს შეუწყობს ხელს. „იმ ბაკქანალიის შემდეგ, რაც წინა პრეზიდენტმა გააკეთა საქართველოში რუსულ ენასთან მიმართებაში, ალბათ სრულიად გასაგებია, თუ რატომ არის ამის გაკეთება საჭირო საქართველოში. ის სკოლები, რომლებიც უნდა შეიქმნას, ხელს შეუწყობს იმ სულიერი ფასეულობების ამაღლებას, რომელიც ასე აკავშირებს ქართველ და რუს ხალხებს. ამის გარდა, ჩვენ საქართველოს დიდ ქალაქებში ვგეგმავთ წიგნის მაღაზიების გახსნას, რომელიც ასევე კულტურული ცენტრიც იქნება, სადაც რუსულ ენასა და კულტურას მოწყურებული საზოგადოება ივლის“,- განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები