საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: თავშესაფარში ძაღლებს სასტიკი მეთოდებით ხოცავენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდის მერის მიერ მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და მათი სამტრედიის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ძაღლების იზოლირებას ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძე უზრუნველყოფს, რომლის საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ივნისში ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გიორგი მაღლაფერიძის მიერ ოზურგეთის სოფელ ბაილეთში მოწყობილი თავშესაფარი უმძიმეს მდგომარეობაშია, დაჭერილ ძაღლებს კი სასტიკი მეთოდებით ხოცავენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კიდევ ერთხელ მიმართავს მუნიციპალიტეტებს, მოიძიონ შესაბამისი თანხები და დაიწყონ მუშაობა მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად.
“ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი მაღლაფერიძის მიერ ოზურგეთის სოფელ ბაილეთში მოწყობილი თავშესაფარი უმძიმეს მდგომარეობაშია, დაჭერილ ძაღლებს კი სასტიკი მეთოდებით ხოცავენ.
აღსანიშნავია, რომ ეს თავშესაფარი ცხოველთა უფლებების დამცველთა ჯგუფმა მიმდინარე წლის აგვისტოში პროტესტის ნიშნად დაარბია (http://goo.gl/s699Jq). როგორც გიორგი მაღლაფერიძემ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სატალეფონო საუბრისას განაცხადა, მას რაიმე სახის თავშესაფარი სამტრედიაში არ მოუწყვია და სოფელ ბაილეთში დანგრეული თავშესაფრის აღდგენით სამუშაოებს ახლა ატარებს, დაჭერილი ძაღლები კი ისევ სოფელ ბაილეთში გადაყავს. როგორც ირკვევა, გიორგი მაღლაფერიძემ ზუგდიდის მერიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კიდევ ერთხელ მიმართავს მუნიციპალიტეტებს, მოიძიონ შესაბამისი თანხები და დაიწყონ მუშაობა მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად. მაგალითისთვის, შეუძლიათ აიღონ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის“ (http://goo.gl/jZ9QZ4) მუშაობის პრინციპი, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების იზოლირება და სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაღუპული ცხოველის გვამის სპეციალურ ადგილებზე გატანაა და დამარხვაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გორის მუნიციპალიტეტმა მსგავსი თავშესაფრის მოწყობის, ცხოველთა იზოლაციის და მოვლა-გამოკვებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში სულ 127 ათასი ლარი გამოყო, რაც არ წარმოადგენს სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტისათვისაც დიდ თანხას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები