ობამა არ ფიქრობს, რომ 2014 წელს მსოფლიომ ყირიმის ანექსიაზე არასაკმარისი რეაგირება მოახდინა

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა არ ფიქრობს, რომ მსოფლიომ 2014 წელს ვლადიმერ პუტინს ყირიმის ანექსია “გაუტარა” და არასაკმარისი რეაგირება მოახდინა ნახევარკუნძულის ანექსიაზე, ან არ გაავლო რაიმე პრინციპული “წითელი ხაზები”.

ამის შესახებ მან CNN-თან საუბარში თქვა.​

ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა 2014 წლის მოვლენებზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის შეფასებას.

ობამას თქმით, 2014 წელს უკრაინის სახელმწიფო ფუნდამენტურად განსხვავებული იყო, ისევე – როგორც უკრაინის პოლიტიკა. მისი თქმით, ყირიმშიც და უკრაინის სხვა ნაწილებში საკმარისად იყო რუსულენოვანი ადამიანები, კრემლის ერთგული და რუსული პროპაგანდისადმი მგრძნობიარე ხალხი.

„მე და მერკელს ბევრი მუშაობა მოგვიწია, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, დაეწესებინათ ის სანქციები, რომლებიც საბოლოოდ დავაწესეთ და არ მიგვეცა პუტინისთვის დონბასის დაპყრობით წინსვლის საშუალება”, – თქვა მან.

მისივე თქმით, “იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაში იყო მაშინ უკრაინაში და რა განწყობები იყო მაშინ ევროპაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დარტყმა შევაკავეთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები