აშშ-ის სენატი გამოდის რეკომენდაციით, რომ უკრაინაზე ბირთვული დარტყმა ნატოზე თავდასხმად განიხილებოდეს
რუსეთის ან ბელარუსის მხრიდან უკრაინაში ნებისმიერი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, ან ატომურ ობიექტზე დარტყმა რადიაციის გამოყოფით, აუცილებლად შეუქმნის პირდაპირ საფრთხეს ნატოს მეზობელ წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, ასეთი ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც თავდასხმა თავად ალიანსზე.
22 ივნისს შესაბამისი რეზოლუციის პროექტი წარადგინეს აშშ-ის ორივე ძირითადი პარტიის კონგრესის მაღალჩინოსანმა სენატორებმა: რესპუბლიკელმა – ლინდსი გრემმა და დემოკრატმა, რიჩარდ ბლუმენტალმა.
პრეზენტაციაზე ლინდსი გრემმა თქვა, რომ “რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია. და ამ საფრთხის შეკავების საუკეთესო საშუალებაა – პუტინის რუსეთმა ნათლად გააცნობიეროს, რა შედეგები მოჰყვება მას”.
ამავდროულად, მედია წერს, რომ წარმოდგენილი რეზოლუციის მნიშვნელობა, ორივე მხარის მიერ დამტკიცების შემთხვევაშიც კი, ძირითადად სიმბოლური იქნება, რადგან სენატორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.