Reuters: პენტაგონს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემა უნდა
შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ უკრაინას ომში კასეტური საბრძოლო მასალები დაეხმარებოდა.
ამის შესახებ Reuters-ი რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეზე, ლაურა კუპერზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, კიევმა მანამდე მოუწოდა კონგრესს, მოეხდინათ ზეწოლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რომ მოხდეს უკრაინაში გაუმჯობესებული ორმაგი დანიშნულების ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის (DPICM) გაგზავნა.
”ჩვენმა სამხედრო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ DPICM-ები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ბრძოლის ველზე სანგრების წინააღმდეგ”, – თქვა კუპერმა.
მისი თქმით, მიწოდებასთან დაკავშირებით პროგრესი არ ყოფილა, DPICM-ის მიწოდებაზე კონგრესის შეზღუდვებისა და მოკავშირეების პოზიციის გამო.
კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ, ზემოქმედების დიდი არეალის გამო, მათ შეუძლიათ დაასახიჩრონ და მოკლან მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჭურვები, რომლებიც რეგულარულად არ ფეთქდებიან, საშიშია კონფლიქტის დასრულებიდან მრავალი წლის განმავლობაში.
2008 წლის ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას, გამოყენებას და ფლობას, 123 ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ნატოს წევრების უმეტესობა. შეთანხმებაზე უარი თქვეს აშშ-მა, რუსეთმა და უკრაინამ.
„ბრძოლის ველზე ეფექტურობის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება სასარგებლო იქნებოდა”,- დასძინა კუპერმა.