„პუტინი არ არის მზად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მიუხედავად მისი განცხადებებისა, ნამდვილად არის მიდრეკილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ უკრაინაში ომის დასასრულებლად, რადგან ის აგრძელებს ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ჰკითხეს აფრიკელი ლიდერების უკრაინასა და რუსეთში ვიზიტზე, ასევე მათთან შეხვედრის დროს პუტინის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს.

„რუსეთი ომის დასრულების მიმართ აშკარა ინტერესს არ გამოხატავს და ეს აშკარაა იმ ფაქტიდან, რომ აფრიკელი ლიდერები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ თავშესაფრებში, რადგან პუტინი მათი ვიზიტის დროს ბომბავდა უკრაინას.

სავსებით ნათელია, რომ რუსეთის ქმედებები – კიევის დაბომბვა, თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ შენობებზე, საავადმყოფოებზე – არ გამოხატავს მშვიდობის მიღწევისა და ომის დასრულების ინტერესს“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, აფრიკის ლიდერების დელეგაციასთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა და არა რუსეთი უარს ამბობს „სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები