ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი განკუთვნილია უკრაინის ენერგეტიკული ქსელის კაპიტალური რემონტისა და პორტების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის.
„აღდგენამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს უკრაინას, რათა აყვავდეს, როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყანა, სრულად ინტეგრირებული ევროპასთან, დაკავშირებული ბაზრებთან მთელს მსოფლიოში.
აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერით, ჩვენ გამოვყოფთ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტ დამატებით დახმარებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში.
ამ თანხიდან 520 მილიონი დოლარი მოხმარდება უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ქსელის რემონტს, ხოლო 657 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება საზღვრის გადაკვეთის, პორტების, სარკინიგზო ხაზების და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას.
დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მოხმარდება უკრაინის საბაჟო და სხვა სისტემების დიგიტალიზაციას „სიჩქარის გასაზრდელად და კორუფციის შესამცირებლად“ და კიდევ 35 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინული ბიზნესის დასახმარებლად“, – განაცხადა ბლინკენმა ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.