დამატებით რა დახმარებას მიიღებს უკრაინა პარტნიორებისგან – ლონდონის აღდგენის კონფერენციაზე პირველი განცხადებები გაკეთდა

ლონდონში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო ორდღიანი კონფერენციაზე მიმდინარეობს, რომელზეც რამდენიმე ქვეყანამ და ორგანიზაციამ კიევისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის წინადადებით უკვე გამოვიდა.

კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ 1.3 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რომელიც მოხმარდება ენერგეტიკული სისტემის აღდგენისა და გამწვანების, ასევე, უკრაინული ბიზნესების დასახმარებლად; სარკინიგზო ხაზების, პორტების და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას; კორუფციის შესამცირებლად საბაჟო და სხვა სისტემების დიგიტალიზაციას; ასევე, უკრაინაში საინვესტიციო რისკების შემცირების დაზღვევას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანნალენა ბერბოკის თქმით, გერმანია 2023 წელს უკრაინას დამატებით 381 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს – ”ყველაფრისთვის: გენერატორებიდან დაწყებული საკვებით და კარვებით დასრულებით მათთვის, ვინც სახლები ახლახან დაკარგა”. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ნაღმების მოძიებასა და განეიტრალებაში, რადგან „არ შეიძლება, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, სადაც ბავშვი, სახლიდან გასვლისას, ნაღმზე აფეთქების რისკის ქვეშაა“.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ თქვა, რომ მისი ქვეყანა დამატებით 40 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელიც მოხმარდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჯანდაცვის სისტემის აღჭურვილობას და მომავალი ზამთრისთვის ენერგეტიკის სისტემის მომზადებას. მან ასევე გამოაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო საინვესტიციო ბანკის მეშვეობით, უკრაინის ეკონომიკაში ინვესტიციების დაზღვევის მექანიზმის შექმნის შესახებ.

BBC წერს, რომ კანადა 10 მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად და 20 მილიონ დოლარს გრძელვადიანი პროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან და ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების ხელშეწყობას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეიმუშავა კანონპროექტი ინვესტიციების და სატვირთო გადაზიდვების დაზღვევის გაფართოების შესახებ უკრაინაში და უკრაინიდან.

ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინას 840 მილიონ ევროს გამოუყოფს სკოლებისა და საავადმყოფოების, სატრანსპორტო ქსელების, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ასევე, ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების სისტემების განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები