“უკრაინას არა მხოლოდ აღდგენა, არამედ ტრანსფორმაცია სჭირდება” – ზელენსკი
ლონდონში უკრაინის აღდგენას მიძღვნილი ორდღიანი კონფერენციის გახსნამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანას არა მხოლოდ აღდგენა, არამედ ტრანსფორმაცია სჭირდება.
„უფრო ფართო გაგებით, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის გარდაქმნაზე. ეს არის უკრაინა არა მხოლოდ თავისი ენერგეტიკული და აგროინდუსტრიული კომპლექსით, არამედ – იმ რეფორმებითაც, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ“, – თქვა მან.
ზელენსკის თქმით, „ეს არის ჩვენი ქვეყნის დიგიტალიზაცია, ეს არის ანტიკორუფციული რეფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ სასამართლო რეფორმაზე, ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ომის შემდეგ უკრაინა გახდეს მიმზიდველი ინვესტიციებისთვის. სწორედ ეს გვჭირდება. უკრაინა იქნება განსხვავებული, გარდაიქმნება. ერთადერთი, რაც არ შეიცვლება, არის ჩვენი ხალხის სიძლიერე“, – განაცხადა ზელენსკიმ.