ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინამ უნგრეთიდან სამი სამხედრო ტყვე დაიბრუნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს ინფორმაციით, უნგრეთში ქვეყნის საელჩომ მოახერხა და სამი უკრაინელი სამხედრო ტყვე სამშობლოში დააბრუნა.

„ისინი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე არიან, მათ ყველანაირი დახმარება უტარდებათ“, – წერს ნიკოლენკო Facebook-ზე.

მანვე დასძინა, რომ უკრაინელი დიპლომატები და სხვა ოფიციალური ორგანოები „აგრძელებენ აქტიური ზომების გატარებას, რათა დანარჩენი უკრაინელი დამცველები, რომლებიც რუსეთიდან უნგრეთში გაიყვანეს, სამშობლოში დააბრუნონ“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთში რუსეთიდან წაყვანილი 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. უნგრეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს ადამიანები თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ უნგრეთში დარჩენა ან დატოვება ნებისმიერ დროს.

ბუდაპეშტის ინფორმაციით, პატიმრების უნგრეთში გადაყვანა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მალტის ორდენის უნგრეთის საქველმოქმედო სამსახურის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

თუმცა, ნიკოლენკო ამტკიცებდა, რომ უკრაინელი დიპლომატები ცდილობდნენ პატიმრებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისინი იზოლირებულნი არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციის ღია წყაროებზე და მათი ნათესავებთან ურთიერთობა მესამე მხარის თანდასწრებით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები