“ჰიპოთეტურად ასეთი რისკი ყოველთვის არსებობს” – უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შეაფასეს
რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების გაზრდილ რისკზე ამ დროისთვის საუბარი არ შეიძლება, თუმცა, ჰიპოთეტურად ასეთი რისკი ყოველთვის არსებობს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას თქვა.
იუსოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელმაც არაერთხელ ჩაიდინა სხვადასხვა ტერაქტი, ომის დანაშაული და ბირთვული შანტაჟითაც იყო დაკავებული.
ამის შესახებ RBC-Ukraine წერს.
“პუტინის რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს – სტრატეგიულ და ტაქტიკურს. და, ჰიპოთეტურად, ამ მიმართულებით საფრთხე ყოველთვის არსებობს. ამიტომ, უკრაინაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ საკითხს”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რომ მოხდა სიტუაციის ცვლილება და რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა გაიზარდა.
იუსოვი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯი ბევრს ვერაფერს შეცვლიდა ოკუპანტისთვის ბრძოლის ველზე, მაგრამ გამოიწვევს პუტინის რეჟიმის დაშლას და მის საბოლოო დამარცხებას მსოფლიოს „გააფთრებული“ რეაქციის გამო.
„თუმცა, აგრესიული რუსეთისგან ასეთი მუქარების საფრთხის მოხსნა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთის ბირთვული იარაღის საკითხი საერთაშორისო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ იქნება. მხოლოდ მაშინ საკითხი გლობალური დღის წესრიგი აღარც დადგება“, – დასძინა იუსოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა “რეალურია” და შეშფოთებულია პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო.
„როდესაც აქ ვილაპარაკე, დაახლოებით, ორი წლის წინ და ვთქვი, რომ მაწუხებდა მდინარე კოლორადოს დაშრობა, ყველა მიყურებდა, როგორც გიჟს. ისინი ასე მიყურებდნენ მაშინაც, როდესაც ვთქვი, რომ მე მაწუხებს პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის, შესაძლო გამოყენება. ეს რეალურია“, – განაცხადა ბაიდენმა.